logo
ENG



"რეზოლუციამ გამოხატა წუხილი სააკაშვილის მდგომარეობაზე" - ევროპარლამენტარი ოცნებას პასუხობს

04 მარ 202412:42
3 წუთის საკითხავი
clock 707
2024/03/04/ekvy9tfmnanllqx.jpg

ევროპარლამენტარი ლარს პატრიკ ბერგი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების პროცესი საქართველოს შიდა საკითხია, თუმცა ის ჰუმანიტარული თანაგრძნობის საშუალებას უნდა იძლეოდეს.

ამ განცხადებით მან ფორმულას კითხვას უპასუხა, რომელიც ევროპარლამენტარების მიმართ ქართული ოცნების კრიტიკას ეხებოდა. კერძოდ, მმართველი გუნდის ლიდერები ევროპელ ლიდერებს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეტანილი ცვლილების გამო დაესხნენ თავს.

კრიტიკამდე ევროპარლამენტარ ლარს პატრიკ ბერგს ქართული ოცნების წევრები შეხვდნენ. ის ანა ფოტიგას თანაპარტიელია, ანა ფოტიგა კი შესწორების ავტორია, რომელიც რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა.

რეზოლუციის შესწორებას, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ 300-მდე ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. განსაკუთრებული აგრესია ქართული ოცნების წევრების მხრიდან ანა ფოტიგას მისამართით ისმოდა. ლარის პატრიკ ბერმა ფორმულას უთხრა, რომ "ანა ფოტიგა იზოლირებულად არ მოქმედებდა". 

"ევროპარლამენტის კენჭისყრამ გამოხატა წუხილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს პარტიათაშორისი მხარდაჭერა იყო და ქალბატონი ანა ფოტიგა იზოლირებულად არ მოქმედებდა.

მე ვაგრძელებ საქართველოსა და მისი მისწრაფების მხარდაჭერას ევროკავშირის მიმართ. მართლმსაჯულების პროცესი საქართველოში არის ქართველების საკითხი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი ასევე ჰუმანიტარული თანაგრძნობის საშუალებას მოგვცემს.

ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ციხეში და ეს სამართლიანობას არ ემსახურება", - აცხადებს ლარს პატრიკ ბერგი. 

ქართული ოცნების ლიდერებმა რეზოლუციას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილზეც იყო საუბარი "უსამართლო" უწოდეს და მოუწოდეს ევროპულ სტრუქტურებს, გაემიჯნონ ამ რეზოლუციას.


close დახურვა