logo
ENG



ბჟანიას მტკიცებით, პუტინი რუსეთს "გამარჯვებამდე მიიყვანს"

12 მარ 202418:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/12/syfeamqooyqflb8.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ქვეყანას "გამარჯვებამდე მიიყვანს". ამასთან, ბჟანია აფხაზ ახალგაზრდებს პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"ახლა, როდესაც რუსეთში მალე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, თითოეული თქვენგანი, ვისაც რუსული პასპორტი აქვს, მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას. ეს არჩევანი გავლენას მოახდენს არამხოლოდ რუსეთის მომავალზე, არამედ ჩვენს საერთო მომავალზეც", - აღნიშნა მან.

ბჟანიას თქმით, აფხაზეთმა მხარი სწორედ მას უნდა დაუჭიროს, ვინც წვლილი შეიტანა აფხაზეთის "დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის განვითარებაში".

"საუბარია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რომლის პირადი წვლილი დამოუკიდებელი და სუვერენული აფხაზეთის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ფასდაუდებელია", - თქვა ბჟანიამ.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს დაინიშნა. 8 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

პუტინისთვის ეს მეხუთე საპრეზიდენტო ვადა იქნება. როდესაც 2000 წელს მან პირველად დაიკავა ეს თანამდებობა, ერთი პირისთვის ვადების მაქსიმალური რაოდენობა ორით შემოიფარგლებოდა. გარდა ამისა, საპრეზიდენტო ვადა ოთხწლიანი იყო. 2008 წელს ის ექვს წლამდე გაიზარდა.


close დახურვა