თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე გახდა. არჩევნები 12 მარტს გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ცნობით, ფარული კენჭისყრის შემდეგ გიორგი ვაჩნაძე ერთხმად აირჩიეს.
ის ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს.
სამინისტროს ცნობით, ვაჩნაძემ 1985 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1990 წელს სასწავლებლად გაემგზავრა აშშ-ში, ნიუ-იორკის მენეს-კოლეჯში (Mannes College of Music). 1994 წელს დაამთავრა ინდიანის უნივერსიტეტის მაგისტრატურა.
იგი არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1994 წელი - ჯინა ბახაუერის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი, მეოთხე ადგილი; 1996 წელი - ალაბამის ფორტეპიანოს საერთაშორისო კონკურსი, პირველი ადგილი; 1997 წელი - მსოფლიოს საფორტეპიანო კონკურსი, ცინცინატი, პირველი ადგილი; 1998 წელი - პალმ ბიჩის საფორტეპიანო კონკურსი, პირველი ადგილი).
2002-2005 წლებში იყო ინდიანის უნივერსიტეტის ლექტორი, 2004-2011 წლებში - მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
ამჟამად გიორგი ვაჩნაძე არის ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორი.
2023 წლის 23 ოქტომბრიდან კონსერვატორიის რექტორის მოვალეობას გიორგი შავერზაშვილი ასრულდება.
მანამდე კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე იყო. მას უფლებამოსილების ვადა გასული წლის ოქტომბერში ამოეწურა.
ნანა შარიქაძე მხარს უჭერდა კულტურის სფეროს წარმომადგენლების პროტესტს და უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს.
20 სექტემბერს მინისტრის საათზე კულტურის მინისტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში "რეფორმით" დაიმუქრა. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი "ხარვეზია".
26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურები შეწყდა. მინისტრის ბრძანებით გაუქმდა არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება.