logo
ENG



TI: მარნეულის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ დეკლარაციაში ქონება და ბიზნესები არ ასახა

15 მარ 202419:28
3 წუთის საკითხავი
clock 307
2024/03/15/jmdvthwcp4emse6.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ ვასილ ხახულაშვილმა 2024 წელს შევსებულ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არ მიუთითა და სრულად არ ასახა უძრავი ქონება.

TI-ის ცნობით, ხახულაშვილი ბიზნეს წილებს ოთხ კომპანიაში ფლობს, რომელთაგან არც ერთი არ არის ასახული დეკლარაციაში. საყურადღებოა, რომ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ მან არც 2022 და 2023 წლის დეკლარაციებში არ მიუთითა: შპს აი გაზი - 25%; შპს აი გაზი+ - 50%; შპს გაზი 555 - 49%; შპს გაზი 555+ - 49%.

ასევე, TI-ში აცხადებენ, რომ ვასილ ხახულაშვილმა მის მფლობელობაში არსებული ბიზნეს წილები მართვის უფლებით არ გადასცა მესამე პირს, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის პირდაპირი დარღვევაა.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვასილ ხახულაშვილმა დეკლარაციაში სრულად არ ასახა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. კერძოდ, მან არ მიუთითა ქალაქ მარნეულში მის საკუთრებაში არსებული 1400 და 1460 კვ.მ მიწის ნაკვეთები.

ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2016 წელს ხახულაშვილმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა გიორგი ქოიავამ პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს 20-20,000 ლარი შესწირეს.

TI-ში ამბობენ, რომ საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ვასილ ხახულაშვილი, როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ვასილ ხახულაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება.


close დახურვა