logo
ENG



მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის საქმეზე 11 ადამიანი დააკავეს

23 მარ 202412:16
3 წუთის საკითხავი
clock 322
2024/03/23/o44mhycieq4nqeu.png

მოსკოვში კროკუს სითი ჰოლში ტერაქტის საქმეზე 11 ადამიანი დააკავეს, მათგან ოთხივე უშუალო მონაწილე. ამის შესახებ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმირ პუტინს აცნობა.

"მიმდინარეობს შემდგომი სამუშაოები თანამზრახველთა ბაზის იდენტიფიცირებისთვის", - აცხადებენ პრესსამსახურში.

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 100-ზე.

სოციალურ ქსელებში თვითმხილველების ვიდეოებიდან ჩანს, რომ სულ მცირე სამი ადამიანი ხალხის მიმართულებით უმისამართოდ ისროდა. მოგვიანებით დარბაზში აფეთქება მოხდა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობაში ავიაციაც ჩაერთო. ჩამოინგრა დარბაზის სახურავი.

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მედვედევის თქმით, თუ თავდასხმაში უკრაინელები არიან დამნაშავე, მათ რუსეთი "სათანადოდ გაუმკლავდება".

რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობაზე "არაფერი მიუთითებს".

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათ საკუთარი განცხადების რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ.


close დახურვა