logo
ENG



POG: ქოლ-ცენტრის მეშვეობით თანხების მოტყუებით დაუფლებისთვის 2 ადამიანს ბრალდება წარედგინა

28 მარ 202417:47
3 წუთის საკითხავი
clock 274
2024/03/28/tys027mth5qjwwp.png

საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით დიდი ოდენობის თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა.

უწყების განცხადებაში წერია, რომ ბრალდებულები ჯამში ავსტრალიის მოქალაქის კუთვნილ 340 000-ზე მეტ ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლ-ცენტრი ჩამოაყალიბეს და მისი ფუნქციონირებისთვის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოგონილი სახელებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, დაზარალებულებს მოგების მიღების მიზნით ფულადი თანხების ინვესტირებას სთავაზობდნენ, რასაც შემდგომ თაღლითურად ეუფლებოდნენ.

მათ შორის, ბრალდებულები ავსტრალიის მოქალაქის  კუთვნილ  340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ, კერძოდ დაზარალებულმა კრისტოფერ ფლამინმა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მითითებით მათ ჩაურიცხა 33 600 ავსტრალიური დოლარი, 37 959 ავსტრალიური დოლარის ღირებულების ბიტკოინი და 96 179 ავსტრალიური დოლარის ღირებულების ეთერეუმი", - წერია უწყების განცხადებაში. 

ბრალდებულებს თავისუფლების 7-დან 10-წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებათ.


close დახურვა