logo
ENG



"შესაძლოა, იკვეთებოდეს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა"- ომბუდსმენი შოვზე

02 აპრ 202415:20
3 წუთის საკითხავი
clock 284
2024/04/02/7nzrhkmmqd71smf.jpg

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ერთ-ერთი თავი 2023 წელს შოვში მომხდარ სტიქიას ეხება.

სახალხო დამცველი წერს, რომ საქმეზე შესაძლოა, იკვეთებოდეს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა.

ომბუდსმენის პოზიციით, მოცემულ საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიება ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, ზედმიწევნით, კომპეტენტურად, გონივრულ ვადაში და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ჩართულობით.

"გამოძიებამ უნდა შეისწავლოს სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულების შესრულების/შეუსრულებლობის, რისკის/საფრთხის შემცველი სიტუაციების რეგულაციის, პრევენციული და რეაქციული ღონისძიებების გატარების საკითხები, ხოლო საჭიროებისას გამოიყენოს სხვა ქვეყნის საექსპერტო დახმარება.

მოცემულ ეტაპზე შესაძლებელია აღინიშნოს, რომ, შესაძლოა, იკვეთებოდეს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა. კერძოდ, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შოვში სამაშველო ოპერაციის დროულად და ადეკვატურად დაგეგმვის, მართვის და განხორციელების საკითხი, ხოლო გამოძიების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს მიერ საკუთარი საქვეუწყებო დაწესებულების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოძიება.

საქმის სრულყოფილად შესასწავლად, სახალხო დამცველის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამონაკლისო წესით საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა. აპარატს სამინისტროს 2024 წლის 22 მარტის წერილით ეცნობა, რომ სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს მისცეს დაშვება აპარატის წარმომადგენლებს საქმის მასალების ელექტრონული ვერსიის გასაცნობად. შესაბამისად, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატი შეძლებს გამოძიების ეფექტიანობის შეფასებას"- ნათქვამია ანგარიშში.

***

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ. 

მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოიყვანეს.

სტიქიის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან სამ საათში გამოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვერტმფრენმა არა თუ დაიგვიანა, არამედ "სულ რაღაც სამ საათში მივიდა" და ამას გარკვეული გარემოებებით ხსნის.

რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა".


close დახურვა