შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ნიკორას მოლარე და მისი თანამზრახველი, რომლებიც მომხმარებლების დაგროვებულ ქულებს ხარჯავდნენ.
მათი თქმით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯ.უ.-მ და ა.ე.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად შეიმუშავეს სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გეგმა, კერძოდ: ა.ე. რომელიც დასაქმებული იყო ნიკორაში მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე, იმახსოვრებდა სუპერმარკეტ ნიკორას მომხმარებელთა პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს და შემდგომ აწვდიდა მათ ჯ.უ.-ს.
თავის მხრივ, ჯ.უ.-მ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში ჩაწერა NIKORA SUPERMARKET-ის აპლიკაცია, სადაც სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით არეგისტრირებდა ა.ე.-ს მიერ მიწოდებულ ამავე მაღაზიის მომხმარებლების პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს, რის შემდგომაც ჯ.უ. მიდიოდა ნიკორას მაღაზიებში და მოლარეების შეცდომაში შეყვანის გზით, ხარჯავდა მომხმარებელთა ბარათებზე დაგროვილ ქულებს. ქულების გახარჯვის შედეგად მიღებულ სარგებელს კი ინაწილებდა ა.ე.-სთან ერთად.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.