სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებაზე და აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ზიანი მიადგება სამოქალაქო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიებს.
ფორმულას მიმართვას სახდეპის სპიკერის ოფისიდან ასე უპასუხეს:
"როგორც ჩვენ, განუწყვეტლივ ვამბობდით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეერთებული შტატები კვლავ ღრმად არის შეშფოთებული, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში ზიანი მიადგება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ის გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან.
ჩვენ თანაბრად შეშფოთებულნი ვართ, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი შეშფოთების გაზიარებას საჯაროდ და პირად საუბრებში"- ნათქვამია განცხადებაში.
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.