"აგენტების კანონის" ძალაში შესვლის შემდეგ ღია საზოგადოების ფონდი ყირგიზეთში საქმიანობას წყვეტს.
ორგანიზაციის განცხადებით, ეს კანონი არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს უწესებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაფინანსებული ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას.
სოროსის ფონდი-ყირგიზეთი 1993 წელს დაარსდა, როდესაც ქვეყანა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა.
"ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ფონდმა 115 მილიონ დოლარზე მეტი შეიტანა პროექტების მხარდასაჭერად მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მთავრობასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ამ პროექტებმა მხარი დაუჭირა ინიციატივებს განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ახალი ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის, სისხლის სამართლისა და იურიდიული დახმარების რეფორმისა და მრავალ სხვა სფეროებში. ახლა "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მსგავს კეთილგანწყობილ ქმედებებს უსამართლოდ მიაწერენ "უცხო ძალის წარმომადგენლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ეუთო-ს განცხადებით, ყირგიზეთში ახალ კანონს შეიძლება ჰქონდეს "უკიდურესად ნეგატიური გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე, უფლებადამცველებსა და მედიაზე".
ქართული ოცნება საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აპირებს. კანონს ეწინააღმდეგებიან საქართველოს პარტნიორები, ასევე, მოქალაქეები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლებს მართავენ.