logo
ENG



პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს ძალადობაში ადანაშაულებს

17 აპრ 202411:57
3 წუთის საკითხავი
clock 408
2024/04/17/otxwdowc25fpr6q.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ძალადობაში ადანაშაულებს და კვლავ თავს ესხმის სირცხვილიასა და ფრანკლინის კლუბს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ "ძალადობა მათი პოლიტიკური მიზნის მიღწევის ინსტრუმენტად" იქცა.

"საქართველო ყოველთვის ვამაყობდით ჩვენ ერთი რამით, რომ აქციები ყოველთვის იყო მშვიდობიანი და ერთი ფოთოლი არ ვარდებოდა ხოლმე ხიდან, ეს იყო ჩვენი საპროტესტო ისტორიის ყველაზე საამაყო ფურცელი, რას ვხედავდით ჩვენ გუშინ, გუშინწინ? ფაქტობრივად ძალადობა იქცა მათთვის ნორმალიზებულ ინსტრუმენტად.

გუშინ პირდაპირ ვხედავდით, რომ აღარაა ინტერესი ჩაატარონ აქცია რუსთაველზე, ინტერესია, რომ გადაკეტონ შემოსასვლელები, შევიდნენ ფიზიკურ კონტაქტში პოლიციასთან, მოახდინონ პროვოცირება რამენაირად, რომ იქნებ შექმნან ვიზუალი და კადრები, რომ სადმე ჩანდეს ძალის გამოყენება. ეს არის ზუსტად არაქართული.

ამ ე.წ სამოქალაქო აქტივისტებმა სირცხვილია, ფრანკლინის კლუბი, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ატრენინგებდნენ სხვადასხვა ახალგაზრდებს, გამოვიდა, რომ მათი ევროპა ესაა - ძალადობა, როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკური მიზნის მიღწევისა. ესაა ყველაზე არაევროპული და არაქართული გზა"- თქვა პაპუაშვილმა.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 16 აპრილს სპეცრაზმელები მოქალაქეებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 11 ადამიანი.

რუსული კანონის განხილვა პარლამენტში 16 აპრილს დაიწყო. მისი მოსმენა 17 აპრილს, სიტყვით გამოსვლებით განახლდება. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის.

მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

 


close დახურვა