logo
ENG



DRI: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს

19 აპრ 202412:36
3 წუთის საკითხავი
 
სერა ძნელაძე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.

DRI სამართლებრივ დახმარებას უწევს აქციის 13 მონაწილეს, რომლებიც დარბევის დროს უკანონოდ დააკავეს. მათგან 12 სასტიკად ნაცემია. ორგანიზაციაჩი აცხადებენ, რომ დაკავებულებს აღენიშნებათ სხეულის მძიმე დაზიანებები, მათ შორის, ტვინის შერყევა, ყბის ტრავმული ართრიტი, ზედა და ქვედა კიდურების დაზიანება, სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა, სილურჯეები, კოპები, ნახეთქი ჭრილობები. ორი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

უკანონო და არალეგიტიმური ძალის გამოყენების დროს, შსს-ს სპეცრაზმის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის პროცესში, დაკავებულებმა დაკარგეს ან დაუზიანდათ პირადი ნივთები, მათ შორის, დაკარგულია ორი მობილური ტელეფონი, ფეხსაცმელი, სათვალე. დაზარალებულთა ჩვენებების მიხედვით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების კანონით დადგენილი წესით იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან ისინი არ ატარებდნენ სავალდებულო მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს.

"სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ არც ერთი დაკავებულის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც შეუძლებელი იქნებოდა დაკავებიდან პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, დაკავების ვადის 48 საათამდე გახანგრძლივება ემსახურებოდა დემონსტრანტების დასჯას, მათთვის მიყენებული ძლიერი ფიზიკური ტკივილის გახანგრძლივებას ან/და მათი დაზიანებების საზოგადოებისთვის დამალვის მცდელობას", - აღნიშნავენ DRI-ში.

DRI-ს შეფასებით, 16-17 აპრილს დაკავებულების მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.

DRI მოუწოდებს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს - შეწყვიტოს შეკრების მონაწილეების უკანონო დაკავებები, შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება - უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა.
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს - გამომდინარე იქიდან, რომ საჯაროდ გავრცელებული ვიდეო კადრებით დასტურდება დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი ჯაჭვი, შეწყვიტოს მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ საქმის წარმოება და მიუთითოს მათი დაკავების უკანონობაზე.
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - სრულყოფილად, ობიექტურად და გონივრულ ვადაში გამოიძიოს შსს-ს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი ძალადობის და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები და, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უკანონოდ დაკავებულ დემონსტრანტებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

close დახურვა