logo
ENG



კრამონი კობახიძეს: ევროპარლამენტის უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსულ კანონს

19 აპრ 202415:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/19/4s8od2hbx78wylt.jpg

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს და ამბობს, რომ ევროპარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა რუსულ კანონს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

"ძვირფასო კობახიძე, არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს. ევროპარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება "რუსულ კანონს". გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების სიმამაცით და მათ გვერდით დგას", - წერს ფონ კრამონი X-ზე.

15 აპრილს გერმანიის საელჩომ ოლაფ შოლცის მხრიდან რუსული კანონის კრიტიკა ქართულ ენაზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 12 აპრილს, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან პრესკონფერენციისას თარჯიმანმა კანონპროექტთან დაკავშირებით შოლცის სიტყვები გააყალბა. 

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ თარჯიმანი "ღიად არის ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე".

კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა რუსულ კანონთან დაკავშირებით თქვა:

"ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი ე.წ. აგენტების შესახებ კანონს და მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ის კიდევ ერთხელ არ დადგებოდა დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი, პრაქტიკულად არ შეცვლილა, თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ჩვენს, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას" - თქვა შოლცმა.


close დახურვა