logo
ENG



პროფკავშირების გაერთიანება: ქართველი ხალხის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპულია

23 აპრ 202422:37
3 წუთის საკითხავი
 
პროფკავშირების გაერთიანება: ქართველი ხალხის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპულია
ფორმულა/ლანა მრავლაძე

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ქართული ოცნების მიერ ხელმეორედ ინიცირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ კანონპროექტის შინაარსი მიუღებელია.

განცხადებაში საუბარია დასავლეთისგან მიღებული დაფინანსების მნიშვნელობაზე და აღნიშნულია, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა და ხალხის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპულია.

"კანონპროექტი, სადაც ვკითხულობთ, რომ თუკი ორგანიზაცია შემოსავლის სახით უცხოური დონორებისგან გარკვეული რაოდენობის დაფინანსებას იღებს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ითვლება, მიუღებელია.

აღსანიშნია, რომ, მათ შორის, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ათასობით ადამიანი აღვადგინეთ პოზიციებზე. მოგეხსენებათ, კვალიფიციური ადვოკატების დაქირავება დიდი ფუფუნებაა, ხოლო ჩვენს მოქალაქეებს ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ ამ პროცესში. კიდევ უფრო მეტს მივაწოდეთ ინფორმაცია მათი შრომითი უფლებების, ქალთა უფლებების, სხვა სოციალური თუ ეკონომიკური უფლებების შესახებ.

სწორედ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში ყველა ეტაპზე, შეიქმნა შრომის კანონმდებლობის აღმასრულებელი ინსტიტუცია შრომის ინსპექციის სამსახურის სახით. ეს მაშინ, როდესაც ადამიანები სამუშაო ადგილებზე მასიურად იღუპებოდნენ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, რაზეც სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს.

შემუშავდა საპენსიო კანონმდებლობის ალტერნატიული ვერსია, საიდანაც მოქმედ კანონში პენსიის შესახებ გათვალისწინებულ იქნა პენსიონერებისთვის უმნიშვნელოვანესი რამდენიმე კომპონენტი.

პროფკავშირებისთვის უცხოური დონორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად, ცნობიერების ამაღლების კამპანიის საწარმოებლად. ეს პროცესი დღესაც უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. თითოეული ეს ქმედება კი ემსახურება მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ინტერესს.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საქმიანობისა, რაც პროფკავშირების გაერთიანებას უცხოური დონორების დახმარებით ქვეყანაში განუხორციელებია. მიზანი და ამოსავალი კი ყოველთვის საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და არიან.

ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ურყევი ნებაა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ქართველი ხალხის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპულია", - აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა