10 პაციენტს, რომელთა ანალიზებიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ დღის პირველ ნახევარში აიღეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 34 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი კრიტიკული.
ამასთან, დღეს გახდება ცნობილი გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩატარებული 10 ახალი საეჭვო შემთხვევის შედეგი.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში კლინიკას ახალი გამოჯანმრთელებულებიც ეყოლება.
"ჩვენთან მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, მათი მდგომარეობა არ შეცვლილა ჯერჯერობით, 4 პაციენტიდან 2 პაციენტი განსაკუთრებით მძიმეა, ერთი პაციენტი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად, ასაკოვანი ქალბატონი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება. ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა დასტაბილურებულია, ამიტომ პროგნოზი და გამოსავალზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.