logo
ENG



11-სულიანი ოჯახი, შეიძლება, სახლის გარეშე დარჩეს

11 თებ 202020:06
3 წუთის საკითხავი
 

ნუგზარ ხათრიძის 11-სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩენის შიშში ცხოვრობს. სახლი, რომელშიც უკიდურეს გაჭირვებაში 9 ბავშვი იზრდება, შესაძლოა, მეპატრონემ გაყიდოს. ოჯახმა ბინის ქირით აღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ფართი საცხოვრებლად გაუსაძლის შენობაში გამოუყო, სწორედ იქ, სადაც ცხოვრებაზე ამავე მიზეზით ტრაგიკულად დაღუპული გორგოძეების ოჯახმა თქვა უარი. ხათრიძეები შველას ითხოვენ. სოციალური შემწეობა სეზონური სამოსის ყიდვისთვის არასაკმარისია, ამიტომ ბავშვები სკოლაშიც ვერ დადიან. 9 ბავშვიდან ერთი  ხანძრის დროს დაშავდა, თუმცა ბავშვს, რომელიც ვერ გადაადგილდება, სახელმწიფო პენსიას არ უნიშნავს. 

სახლის პირველ სართულს  ხათრიძეების ოჯახისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტი ქირაობს.  ოჯახის უფროსი შიშობს, რომ მალე 9 შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ მოუწევს დარჩენა. სახლის მეპატრონე ქონების გაყიდვას აპირებს.

28 წლის ნარგიზა გველესიანს, რომელიც ოთხ შვილთან  ერთად ბაღდათში გასულ კვირას ხანძრის დროს დაიღუპა, იქ უნდა ეცხოვრა, სადაც შესთავაზეს საცხოვრებელი ნუგზარ ხათრიძეს. მისი ოჯახის ისტორიით გაზეთი ბათუმელები დაინტერესდა. ის  ერთ-ერთია იმ 1700 სოციალურად დაუცველს შორის, რომელიც მუნიციპალიტეტისგან შემწეობას იღებს.  11-სულიან ოჯახს სახელმწიფო თვეში 1100 ლარით ეხმარება. ეს ოჯახის ერთ წევრზე თვეში 100 ლარია.  

შემწეობის თანხა, ისევე როგორც სეზონური სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი, ოჯახს სამოსის საყიდლადაც არ ჰყოფნის. გაუსაძლისი პირობების გამო, ნუგზარ ხათრიძის ოჯახს მათთვის შეთავაზებულ ფართზეც უარის თქმა მოუწია და დღემდე ნაქირავებ სახლს აფარებენ თავს. პირობები აქ ოდნავ უკეთესია. წყალი მართალია ეზოში, მაგრამ მაინც აქვთ. ბეტონის იატაკის გათბობას კი შეშის ღუმელით ოჯახი უშედეგოდ ცდილობს. 

დახმარების სახით ოჯახს მუნიციპალიტეტმა შეშა გადასცა. ის, რაც შეშად გამოდგა, ერთ კვირაში გამოილია, ხის კუნძების უმეტესობა დამპალი აღმოჩნდა, და დღემდე სახლის ეზოში ყრია. 9 ბავშვი, რომლებსაც სახლშიც კი ქურთუკებით უწევთ ყოფნა, ისევ დახმარების მოლოდინშია. 


close დახურვა