logo
ENG



რეგულაციური გარემო და მისი ეფექტი საქართველოს მაგალითზე - დისკუსია სიმპოზიუმზე

01 მაი 202409:00
3 წუთის საკითხავი
 

როგორია ზიანის შემცირების საუკეთესო პრაქტიკები და როგორ მუშაობს ეს საქართველოში - ამ საკითხებზე 22 აპრილს თბილისში, Consumer Choice Center-ის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე ისაუბრეს.

მომხსენებლებმა განიხილეს ზიანის შემცირების პრინციპი სხვადასხვა, მათ შორის ნარკოტიკების, ალკოჰოლის, თამბაქოს მოხმარებისა და HIV მიმართულებით. მათ აღწერეს ზიანის შემცირების რეგულაციური გარემო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე ისაუბრეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) უარყოფით გავლენაზე თამბაქოს ზიანის  შემცირების თვალსაზირისით სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მოწევის პრევალენტობა კვლავ მაღალ ნიშნულზეა.

საუბარი შეეხო საზოგადოების ინფორმირებისთვს პასუხისმგებლიანი მედიის როლსაც, არსებული მითებისა და დეზინფორმაციის კვალდაკვალ.

ღონისძიებაზე მომხსენებლები იყვენენ ბილ უითსი (Consumer Choice Center-ს პოლიტიკის უფროსი მკვლევარი), კრის სნოუდონი (Institute of Economic Affairs-ის Lifestyle Economics-ის მიმართულების ხელმძღვანელი) და ზურაბ სიხარულიძე (ნარკოლოგი).

კრის სნოუდონი ინტერვიუში ამბობს, რომ თამბაქოზე დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ მთავარ გზად, როგორც წესი, ფასის ზრდას და სიგარეტის უფრო და უფრო მეტი გადასახადით დატვირთვას განიხილავენ. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ერთი კოლოფი დაახლოებით 16 ფუნტი ღირს, როცა მისი საბაზრო ფასი 5 ფუნტამდეა - სწორედ ამ ფასად იყიდება ის შავ ბაზარზე. მისი თქმით, ეს გზა არც თუ ეფექტურია:

"სიგარეტის ლეგალური ფასის გაზრდა მწეველებზე დიდად არ მოქმედებს. მე არ ვამბობ, რომ ყველა შეზღუდვა არაეფექტურია. მაგალითად, რეკლამის შეზღუდვას, კოლოფზე გაფრთხილების დაწერას დიდი ეფექტი არ აქვს მწეველებზე. მე ეკონომისტი ვარ და ზოგადად ვიტყოდი, რომ ფასის და მიწოდების ამბავია ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში ვხედავთ, რომ შეზღუდვების გამო ყველაფერი ასე მარტივად არ მუშაობს", - ამბობს სნოუდონი.

მისივე თქმით, შემზღუდავი პოლიტიკის აღრსულება ძალზედ რთულია, უფრო მკაცრი შეზღუდვები კი უფრო ზრდის შავ ბაზარს:

"თუ ადამიანებს კონკრეტული პროდუქტი უნდათ, განსაკუთრებით კი თუ ეს პროდუქტი მიჩვევას იწვევს, შავი ბაზრისგან ვერ გათავისუფლდები. რაც უფრო მაღალია სიგარეტის ფასი მაღაზიაში, ადამიანები უფრო მეტად მიმართავენ შავ ბაზარს მის საყიდლად.  რაც უფრო მკაცრია შეზღუდვები, შავი ბაზარი უფრო მოქნილი და ელასტიური ხდება, რომ მომხმარებლის მოთხოვნებს უპასუხოს. ასეთი ორლესური სიტუაცია იქმნება - შეზღუდვები უბიძგებს და ზრდის როგორც მოთხოვნას, ისე მიწოდებას შავ ბაზარზე. შეგვიძლია მისი მოშორება და გაქრობა? არა, ეს შეუძლებელია. არცერთ ქვეყანას ეს არ გამოსვლია. ისლამურ სახელმწიფოებში საერთოდ აკრძალული შეიძლება იყოს მოწევა, მაგრამ არც მათ გამოსვლიათ მოწევის საერთოდ დამარცხება.

მაგ. ბუტანმა წლების განმავლობაში მიიღო უმკაცრესი რეგულაციები. მოწევა საერთოდ აიკრძალა, მაგრამ ამ ზომებზე საბოლოოდ უარი ითქვა კოვიდის დროს, რადგან იმდენი გადამყიდველი იპარებოდა საზღვარზე, შეეშინდათ, რომ სიგარეტთან ერთად ეს ხალხი კოვიდსაც შეიტანდა ქვეყანაში.

 აკრძალვა არ მუშაობს - მესმის რომ ამის თქმა კლიშეა, მაგრამ ეს ასეა.

მთავრობებს, ყველაზე ავტორიტარულსა და ტოტალიტარულსაც კი, არ ჰყავთ იმდენი აგენტი და მიმყურადებელი, რომ სრულად შეზღონ შავი ბაზარზე თამბაქოს ან ნარკოტიკების გაყიდვა. მათ შეიძლება ადამიანებს სიტყვის თავისუფლება წაართვან, მაგრამ შავი ბაზარი ნებისამიერი რეჟიმის პირობებში ახერხებს გადარჩენას, ახალი გზების და ტექნოლოგიების მოძებნას - როგორიც არ უნდა იყოს სახელმწიფო, ავტორიტარული თუ ლიბერალური დემოკრატია", - ამბობს კრის სნოუდონი.

ზიანის შემცირების სიმპოზიუმს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 


close დახურვა