გლობალურად მოწევა ჯანდაცვისთვის გამოწვევად რჩება - მილიარდზე მეტი მწეველითა და ყოველწლიურად მოწევით გამოწვეული დაავადებით სიკვდილიანობის 8 მილიონამდე მაჩვენებელით. ამდენად, სიგარეტის მოწევის შემცირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ინტერესის საგანია და თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციას (WHO FCTC), რომელიც 2005 წელს შევიდა ძალაში, ლეგიტიმური მიზანი ქონდა დასახული. თუმცა, ისმის კითხვები, რამდენად ეფექტიანია ის შედეგებისა და სტრატეგიის თვალსაზრისით, რასთან დაკავშირებითაც კონსტანტინოს ფარსალინოსს ვესაუბრეთ - ონასის კარდიოლოგიური ქირურგიის ცენტრის მკვლევარსა და კარდიოლოგს.
- ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია არა მხოლოდ სიგარეტის მოწევას, არამედ უკვამლო ნიკოტინის პროდუქტებსაც ეხება. როგორ შეაფასებდით ჯანმო-ს ბოლოდროინდელ რეკომენდაციებს უკვამლო ნიკოტინის პროდუქტებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პერსპექტივიდან?
ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯანმო უფრო მეტად უკვამლო ნიკოტინის პროდუქტებს უმიზნებს, ვიდრე თავად წვად სიგარეტს. ვფიქრობ, ეს პარადოქსია იმის გათვალისწინებითაც, რომ ჯანმო-ს მიდგომით იდეალური ნაბიჯია ამ პროდუქტების (ნიკოტინის უკვამლო პროდუქტები) აკრძალვა, რაც უკვე 40-ზე მეტმა ქვეყანამ დანერგა. ოღონდ, ყველა ამ ქვეყანაში წვადი სიგარეტის გაყიდვა ლეგალური რჩება. ამდენად, პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნების კანონმდებლობით ყველაზე მავნე პროდუქტი - წვადი სიგარეტი - ლეგალურად იყიდება და ყველას მიუწვდება მასზე ხელი, როდესაც სიგარეტთან შედარებით ისეთი ნაკლებად მავნე პროდუქტი, როგორიცაა ნიკოტინის ბალიშები აკრძალულია. ეს აზრს მოკლებულია და მე ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე ერთი ადამიანიც, ვისაც შეუძლია ამის რაიმე რაციონალური ახსნა მოგვცეს.
- რა გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს ნიკოტინის სრულად აღმოფხვრას ზიანის შემცირებაზე ფოკუსირების ნაცვლად?
ჯანმო დგას იმ პრობლემის წინაშე, რომ ის მოწევის საწინააღმდეგო ორგანიზაციიდან ნიკოტინის საწინააღმდეგო ორგანიზაციად ყალიბდება - კერძოდ, მოწევის ნაცვლად ნიკოტინის მოხმარებას ებრძვიან. სამწუხაროდ, ზიანის შემცირების პროდუქტების მიზანში ამოღებით, ისინი საფრთხეს უქმნიან მოწევის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ გვაქვს მაგალითები ქვეყნებისა, რომლებმაც აკრძალეს ზიანის შემცირების პროდუქტები და ქვეყნებისა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ზიანის შემცირების პროდუქტებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ აკრძალვის არც ერთი წარმატებული შემთხვევა არ ყოფილა. ყველა ქვეყანაში აკრძალვას თან ახლდა შავი ბაზრის უზარმაზარი აფეთქება, რაც ნიშნავს მთავრობის კონტროლს მიღმა პროცესის გასვლას - გაუგონარი ხარისხის სტანდარტები, პროდუქტების უცნობი წარმომავლობა და არანაირი ცოდნა მათი უსაფრთხოების შესახებ. მე ყოველთვის მჯერა, რომ მათ კეთილი განზრახვები აქვთ, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკაში ძალიან ადვილია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც საპირისპირო შედეგს გამოიღებს, თუ ძალიან ფრთხილად არ გაითვალისწინებთ არა მხოლოდ მოსალოდნელ სარგებელს, არამედ ნებისმიერი გადაწყვეტილების გაუთვალისწინებელ პოტენციურ ზიანსაც. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ყოველთვის ბალანსზეა დამოკიდებული. არ მგონია, ოდესმე იპოვოთ მაგალითი, სადაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მხოლოდ სარგებელი მოაქვს და არასდროს ჰქონია რაიმე სახის გვერდითი მოვლენები. სამედიცინო პერსპექტივიდან ეს ზიანს ნიშნავს. ასე რომ, პოლიტიკის ხელოვნებაა, თუ როგორ შევქმნათ დაბალანსებული მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის პოტენციურ სარგებელს და მინიმუმამდე დაიყვანს პოტენციურ ზიანს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკაშიც ვსაუბრობთ ზიანის შემცირებაზე, სარგებლის მაქსიმიზაციაზე, და არა ზიანის სრულად აღმოფხვრაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ძალიან არარეალური მიზანი აქვს - ნიკოტინისგან თავისუფალი საზოგადოების მიზანი, მაშინ როდესაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი გლობალური პრობლემის - მოწევის - წინაშე ვდგავართ. ასეთ მიდგომას გავიგებდი, მოწევის სრულად აღმოფხვრის შემთხვევაში, რისგანაც ძალიან შორს ვართ და თუ ნიკოტინის მოხმარება ერთადერთ პრობლემად დარჩებოდა. გლობალურად მილიარდზე მეტი მწეველია და ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ნაადრევი სიკვდილი - ეს გამოწვეულია მოწევით და არა ნიკოტინის მოხმარებით.
- რა არის ნიკოტინის პროდუქტების ზიანის შემცირებაზე დაფუძნებული რეგულირების წამყვანი გლობალური მაგალითები და რა გაზომვადი გავლენა მოახდინა ამ მიდგომებმა მოწევის მაჩვენებლების შემცირებაზე?
ქვეყნები, რომლებმაც ზიანის შემცირებას მხარი დაუჭირეს მოწევასთან ბრძოლაში, ყველაზე წარმატებული მაგალითები აღმოჩნდნენ - დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნორვეგია, ისლანდია, ახალი ზელანდია. ქვეყნები რომლებმაც ზიანის შემცირების პოლიტიკა მტრად დასახეს და მკაცრი შეზღუდვები დააწესეს, ყველა მათგანი, გამონაკლისის გარეშე, წარუმატებლობით დასრულდა. მათი მოწევის მაჩვენებლები სტაგნაციას განიცდის. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი გაიზარდა, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში გაცილებით ნელი ტემპით შემცირდა. შეიქმნა კრიმინალური საქმიანობის, უკონტროლო შავი ბაზრის ქსელი. ისეთ განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ავსტრალია, რომელსაც არ აქვს სახმელეთო საზღვრები, მაინც შავი ბაზრით არის გადატვირთული. ამავდროულად, ისინი ხედავენ ელექტრონული სიგარეტის მოხმარების ზრდას, ახალგაზრდებშიც კი. ამგვარად, მათ კეთილი განზრახვებით მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა საბოლოოდ სარგებლის ნაცვლად ზიანი მიადგა იმ ასპექტებსაც, რომელთა დაცვაც მათ პრიორიტეტებში შედიოდა. გულუბრყვილოა იფიქრო, რომ პროდუქტის აკრძალვით ეს პროდუქტი გაქრება.
არსებობს შემთხვევები ქვეყნებისა, სადაც ზიანის შემცირების პროდუქტები პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა და აკრძალვები ძალიან ნაადრევად იქნა შემოღებული პრობლემის თავიდან აცილების მიზნით. სინამდვილეში, პრობლემა თავად აკრძალვამ შექმნა, რომლის კარგი მაგალითიცაა ინდოეთი, სადაც რამდენიმე წლის წინ აკრძალეს ზიანის შემცირების ყველა პროდუქტი. ინდოეთში იშვიათად თუ იპოვიდით ვინმეს, ვინც ვეიფს მოიხმარდა. აკრძალვის შემდეგ შავ ბაზარზე ისეთი აფეთქება მოხდა, რომ ყველა კუთხეში შეგიძლიათ იპოვოთ არალეგალური ვეიფის პროდუქტები. აკრძალვის შემდეგ მთავრობა თავს იმშვიდებს, რომ ისინი არ არსებობენ, მაგრამ რეალურად მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მესმის, რომ თეორიულად აკრძალვის მიდგომა მიმზიდველია, მაგრამ დღეს უკვე გვაქვს ბევრი საპირისპირო მაგალითი. აკრძალვას ისტორიულად არასდროს უმუშავია. განვითარებულ მდიდარ ქვეყნებშიც, სადაც მინიმალური კორუფციაა და საზღვრების კარგი კონტროლი, მათთანაც დგას არალეგალური შავი ბაზრის პრობლემა. გავიხსენოთ ალკოჰოლის აკრძალვა აშშ-ში. მან მხოლოდ ზიანი მოიტანა, რადგან არა თუ ალკოჰოლის მოხმარება ვერ აღმოიფხვრა, არამედ გამოიწვია ალკოჰოლური პროდუქტების წარმოება სახლის სარდაფებში. ზოგიერთი იმდენად საშიში პროდუქტი იყო, რომ გამოიწვია ჯანმრთელობის ისეთი მძიმე დაზიანება, როგორიცაა სიბრმავე და სიკვდილი. საბოლოოდ, ისინი მიხვდნენ, რომ აკრძალვა არ მუშაობს.
- როგორ მოქმედებს ნიკოტინის შესახებ მითები (მაგალითად, რომ ის კანცეროგენია) პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და საზოგადოების აღქმებზე? რა როლი უნდა შეასრულოს მეცნიერებამ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებმა ნიკოტინისა და ზიანის შემცირების შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში?
ნიკოტინის უკვამლო პროდუქტები სრულად უსაფრთხო არაა - ეს სიმართლეა, მაგრამ მათი წვად სიგარეტთან ტოლობის ნიშნის დასმა პირდაპირი დეზინფორმაციაა. 2012 ან 2013 წელს მივიღებდი მსგავს არგუმენტს, როდესაც შეზღუდული სამეცნიერო კვლევების გათვალისწინებით ძალიან შეზღუდული ცოდნა არსებობდა. თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს ათასობით კვლევა და მტკიცებულება, რომლებიც ამ პროდუქტების სიგარეტთან შედარებით დაბალი რისკის პოტენციალზე მიუთითებს. ნიკოტინის, როგორც ნივთიერების ზიანი კარგად არის ცნობილი 70-იანი წლებიდან. არ დაგავიწყდეთ, რომ ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპიები 1970-იან წლებში შეიქმნა და იგი დღემდე ხელმისაწვდომია. სამწუხაროდ, მითები და ჭორები ძალიან პოპულარულია არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ჯანდაცვის სპეციალისტებშიც, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს, რადგან ადამიანებისთვის რჩევის საუკეთესო წყარო მათი ექიმია.
