მაისში, ვაშინგტონში, რიგით მე-10 ნიკოტინის სამიტი გაიმართა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს მეცნიერებს, მარეგულირებლებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან. შეხვედრის მიზანი იყო ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი პროდუქტების პოლიტიკის, რეგულირების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების განხილვა.
წლევანდელი სამიტი გახსნა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) თამბაქოს პროდუქტების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრეტ კოპლოუმ. მან ხაზი გაუსვა კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ერთი საერთო, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირების, მიზნის გარშემო აერთიანებს. კოპლოუმ აღნიშნა, რომ მისი გამოსვლის ძირითადი მიზანიც სწორედ ამ საერთო ხედვის გამოკვეთაა. მან შეკრებილი აუდიტორიის წინაშე უწყების მიმდინარე მიდგომები მიმოიხილა.
ინოვაცია და ნიკოტინის პროდუქტებზე ახალგაზრდების წვდომის ასაკობრივი ბარიერი
ბრეტ კოპლოუმ დეტალურად განმარტა ის პრინციპები, რომლებითაც მარეგულირებელი ბაზარზე პროდუქტის დაშვებისას ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, FDA მხარს უჭერს ახალ შესაძლებლობებსა და ინოვაციებს, თუმცა მხოლოდ მკაცრი მეცნიერული სტანდარტის შენარჩუნებით. მან აღნიშნა რეგულირებისა და ტექნოლოგიური მიღწევების მნიშვნელობა, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ზრდასრულ მწეველებს გადავიდნენ არაწვად, ნაკლებად მავნე ალტერნატივებზე, ხოლო, მეორე მხრივ, იცავს ახალგაზრდებს ნიკოტინის ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისგან. ამ მიდგომების პრაქტიკულ მაგალითად კოპლოუმ დაასახელა ახალგაზრდების დაცვისთვის ყველა შესაძლო ტექნოლოგიური მექანიზმის გამოყენება, ელექტრონული სიგარეტების არომატების გაფართოებასთან ერთად. მან ხაზი გაუსვა, რომ არომატების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროდუქტები იყოს მისაღები ზრდასრული მწეველებისთვის და ხელი შეუწყოს მათ გადასვლას ნაკლებად მავნე ალტერნატივებზე, თუმცა, ამავდროულად, აუცილებელია ყველა შესაძლო რეგულაციური და ტექნოლოგიური ინსტრუმენტის გამოყენება ახალგაზრდების დაცვის უზრუნველსაყოფად.
შედარებითი რისკის კონცეფცია
გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რისკების იერარქიას, რაც, როგორც FDA-ს თამბაქოს პროდუქტების ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, საერთო საქმის საფუძველი უნდა იყოს. ბრეტ კოპლოუმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს არცერთი პროდუქტი არ არის სრულიად უსაფრთხო, წვადი პროდუქტები კვლავ რჩება ჯანმრთელობისთვის ყველაზე საზიანო ფორმად. ხოლო არაწვადი პროდუქტები კვლავ ყველაზე ნაკლებ საზიანო ალტერნატივაა სიგარეტის მოწევის გაგრძელებასთან შედარებით. დღეისათვის, არაწვადი პროდუქტებიდან ადმინისტრაციას ბაზარზე უკვე დაშვებული აქვს 93 პროდუქტი, რაც ზრდასრულ მომხმარებლებს, რომლებიც მოწევას თავს ვერ ანებებენ, საშუალებას აძლევს, უფრო მავნე პროდუქტებიდან ნაკლები რისკის შემცველ ალტერნატივებზე გადავიდნენ. კოპლოუმ ხაზგასმით აღნიშნა ნიკოტინის ბალიშების პოტენციალი ზიანის შემცირებაში. მისი თქმით, ნიკოტინის ბალიშებს ყველაზე ნაკლები ზიანი მოაქვს იმ პროდუქტებს შორის, რომელსაც FDA-ს თამბაქოს პროდუქტების ცენტრი არეგულირებს.
კოპლოუმ თითოეული პროდუქტის ინდივიდუალური შეფასების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ყოველი ავტორიზაცია ეფუძნება ყველა ცალკე აღებული პროდუქტის სამეცნიერო მონაცემების დეტალურ შეფასებას, რომელმაც უნდა დაადასტუროს ამ პროდუქტის შესაბამისობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტებთან. მან ასევე ხაზი გაუსვა არარეგულირებადი პროდუქტების არსებობასთან დაკავშირებუ რისკებს, რომლებიც არ არის სათანადოდ შეფასებული. კოპლოუს თქმით, ასეთი პროდუქტების გამოყენებით გამოწვეულმა უარყოფითმა გამოცდილებამ შესაძლოა სკეპტიკურად განაწყოს მომხმარებლები მთლიანად არაწვადი პროდუქტების კატეგორიის მიმართ და კვლავ დააბრუნოს სიგარეტის მოხმარებასთან. მისი შეფასებით, ეს არის შესაძლებლობის დაკარგვა, რომელიც დაუშვებელია.
საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობა
ბრეტ კოპლოუმ ყურადღება გაამახვილა ე.წ. „აღქმის ნაპრალზე“ - საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ შეხედულებებზე. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თამბაქოსა და ნიკოტინის ნებისმიერი პროდუქტზე თავის დანებება არის საუკეთესო გზა ზრდასრული მწეველისთვის, ხოლო მედიკამენტოზური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ამ მიზნის მისაღწევად პირველადი გზაა. იმ შემთხვევაში კი, როცა მიუხედავად მცდელობისა, ზრდასრული მწეველი ვერ ანებებს თავს მოწევას, მეცნიერულად შესწავლილ და რეგულირებულ ნაკლებად მავნე ალტერნატივაზე სრულად გადასვლამ, მათი ჯანმრთელობის რისკები შეიძლება, შეამციროს. ამ გამოწვევებთან საბრძოლველად და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობისთვის სააგენტო გეგმავს:
- საგანმანათლებლო კამპანიების დაფინანსებას სწორი კომუნიკაციისთვის;
- ღია დიალოგის ხელშეწყობას სამედიცინო და სამთავრობო უწყებებს შორის;
- მონაცემთა მუდმივ მონიტორინგს ახალგაზრდებში მოხმარების ზრდის
- პრევენციისთვის;
უწყებას აქვს ასევე სპეციალური ვებგვერდი, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი სამეცნიერო ინფორმაცია და შედარებითი რისკი თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტებს შორის.
თანამშრომლობის მნიშვნელობა
გამოსვლის დასასრულს ბრეტ კოპლოუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შესამცირებლად აუცილებელია სახელმწიფო უწყებების, მეცნიერებისა და ინდუსტრიის საერთო ძალისხმევა. მან მოუწოდა კომპანიებს, იყვნენ „სანდო პარტნიორები“ და პასუხისმგებლობით მიუდგნენ ნიკოტინის შემცველი პროდუქტების კომუნიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
