ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე დააკავეს.
ის წერს, რომ დავით მიქაძე საფრანგეთში დააკავეს.
"როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახანს დააკავეს საფრანგეთში…", - წერს ტარიელ კაკაბაძე.
15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.
მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
12 აგვისტოს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ 3 ადამიანი დააკავა, საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
დაკავებულებს შორის არის გიორგი მიქაძე, მის ძმას დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას ედავება.
