logo
ENG



ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს კალაძის მიერ ფორმულას ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს

03 მაი 202419:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/03/4x07031c1qkwitp.png

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ ფორმულას ჟურნალისტის, ნუცა ბახუტაშვილის შეურაცხყოფის ფაქტს.

ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით გაჯერებული სიძულვილის ენა, რომელსაც ქართული ოცნება რეგულარულად იყენებს, საზოგადოების თვალში ჟურნალისტიკის როლის დაკნინებასა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ემსახურება.

"ჟურნალისტების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ბოლო წლებია, ტრადიციად იქცა. ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით გაჯერებული სიძულვილის ენა, რომელსაც ისინი რეგულარულად იყენებენ, საზოგადოების თვალში ჟურნალისტიკის როლის დაკნინებასა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ემსახურება. გარდა იმისა, რომ ამგვარი დამოკიდებულება ხელს უშლის მედიას, ეფექტურად იფუნქციონიროს, ის ასევე ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. შედეგად, უკვე გვაქვს ჩინოვნიკებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის არაერთი მაგალითი. გახშირდა შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებს ძალადობრივი ჯგუფების დაუსჯელობით გულმიცემული წევრები ესხმიან თავს

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თბილისის მერისა და პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის, საქციელი 2 მაისს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას, რა დროსაც მან  შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს ნუცა ბახუტაშვილს. კახა კალაძემ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით "რადიკალების ჟურნალისტი".

აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოში არ მოხვდა ის, თუ როგორ იყენებს ქალაქის მერი არანორმატიულ ლექსიკას ჟურნალისტის მიმართ შეკითხვების ამოწურვის შემდგომ. აგრესია მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა იმით, თუ რატომ მალავენ შსს სამინისტრო და ქალაქის მერი იმ ფაქტს, რომ შსს- აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენა ("არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენ?"). საქართველოს ჟურნალისტური ქარტია გმობს ჟურნალისტებთან ურთიერთობის ამგვარ სტილს და  შეახსენებს თბილისის მერს, რომ მას როგორც მაღალი თანამდებობის პირს, აქვს თმენის ვალდებულება", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძე ირწმუნებოდა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო გუშინდელ აქციაზე პოლიციის მხრიდან "არც ერთი რეზინის ტყვია არ ყოფილა გამოყენებული", რაზეც ფორმულას ჟურნალისტმა ჰკითხა: "არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენ?".

ამის პასუხად კალაძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და "თავხედი ნაძირალა" უწოდა.


close დახურვა