თბილისში, ირანის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს. აქტივისტების ცნობით, დაკავებული ნუცა მახარაძეა.
უცნობია, რა მიზეზით დააკავეს ნუცა მახარაძე.
უკვე ორი საათია რაც ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე ირანისა და საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი ირანში მშვიდობიანი დემონსტრანტების სისხლიან დარბევას აპროტესტებენ და რეჟიმის გადადგომას ითხოვენ.
აქციაზე დემონსტრანტებმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გამოსახულებები დაწვეს.
აქციაზე ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა - გავრცელებული ინფორმაციით, მან აქციაზე გაიგო, რომ მისი ოჯახიხს წევრი ირანში საპროტესტო აქციაზე მოკლეს.
Reuters-მა გუშინ, 13 იანვარს ირანის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ საპროტესტო აქციების დროს, დაახლოებით, 2 000 ადამიანია მოკლული, თუმცა სხვადასხვა მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა, მოკლულთა რაოდენობა 20 000-დან 50 000-მდე იყოს.
