logo
ENG



NGO-ები: რეპრესიები თვალსაჩინოდ ამოქმედდა - დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს

09 მაი 202412:05
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოლიტიკოსებზე, აქტივისტებსა და აქციის ორგანიზატორებზე თავდასხმებთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა. 

ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ ყველა დაზარალებულ და აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას ბოლომდე მიყვებიან.

"8 მაისს ღამე ხელისუფლებას ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს ქცევას. ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა. ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი. ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენ ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურის მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ.

ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასდროს მოიწონებს, ასე იქცევა რუსული რეჟიმი. ჩვენ სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას წინა კვირებში გამართულ აქციებსა თუ ახლა, აუცილებლად ბოლომდე მივყვებით. მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას. თავისუფლება ქართველი ხალხის მთავარი ღირებულებაა, ამიტომ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისაგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ", - განაცხადა საფარის ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ ორგანიზაციების ერთობლივ ბრიფინგზე. 

გუშინ, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძესგია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს.


close დახურვა