"მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ეს კანონი იყოს გაწვეული და საერთოდ არ იყოს მიღებული", - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დროს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონპროექტი ამჟამინდელი ფორმით არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და სტანდარტებს და მისი ამ ფორმით მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე "სერიოზული დაბრკოლება" შეექმნება.
"ჩვენ აქ ვართ, რომ აღვნიშნოთ ევროპის დღე, რადგან ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, ყველასთან ერთად რათა წინ წავწიოთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა არსებული სირთულის მიუხედავად, რომელიც ახლა ნამდვილად არსებობს, ჩვენ მაინც მოვახერხებთ ნაბიჯების წინ გადადგმას. ეს არის მიზეზი, რის გამოც მსურს დღეს მოვერიდო ნეგატიურ საკითხებზე საუბარს. ვიმედოვნებ, მომავალ კვირებში მოიძებნება გზა, რომ საქართველო წინ წავიდეს. [...]
როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან იმისთვის, რომ გამოვნახოთ გზა წინსვლისთვის. ბევრს ვმუშაობდით წინა მთავრობასთან ერთად, ახლაც ვაგრძელებთ მუშაობას მოქმედ მთავრობასთან ერთად და მომავალშიც ვიმუშავებთ, საქართველოს საკეთილდღეოდ დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეულ ყველა მთავრობასთან.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალ კვირებში გამოინახება გზა, რათა გადაიჭრას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არაერთხელ ვთქვით, რომ არ უნდა იქნას მიღებული. არ უნდა იქნას მიღებული მისი ამჟამინდელი ფორმით და თუ მაინც იქნება მიღებული ამ ფორმით, ეს იქნება ძალიან სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ეს კანონი იყოს გაწვეული და საერთოდ არ იყოს მიღებული. ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ ყველა ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ ვენეციის კომისია ადგენს საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც ეფუძნება კანონიერ საფუძვლებს. [...] ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველასთან, რათა ამჟამინდელი სახით ეს კანონი არ იქნეს მიღებული, რადგან ამ სახით ის არ შეიცავს არც ევროკავშირის ნორმებს და არც ღირებულებებს", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.