logo
ENG



პავილიონისი აქციის მონაწილეებს: თქვენ გახდებით EU-NATO-ს წევრი - ერთად დავამარცხებთ მტრებს

15 მაი 202404:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/l6nveecuxf80jp0.jpg

"თქვენ გახდებით ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, ჩვენ ერთად დავამარცხებთ საგარეო მტრებს" - ასე მიმართა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს.

"ჩემო მეგობრებო, ჩემი პრეზიდენტი იდგა აქ 2008 წელს სხვა პრეზიდენტებთან ერთად. და ჩვენ ახლა ვდგავართ გერმანელ და სხვა ევროპის ქვეყნების თანამდებობის პირებთან ერთად, თქვენთან ერთად. ხვალ ამერიკელი სენატორები ჩვენთან ერთად და ბევრი პარლამენტარი გააკეთებს განცხადებას, რომელიც ამ კანონს უწოდებს პუტინის კანონს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი უკრაინასა და საქართველოში. თქვენ გახდებით ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. ჩვენ ერთად დავამარცხებთ საგარეო მტრებს", - მიმართა ჟიგიმანტას პავილიონისმა აქციის მონაწილეებს. 

რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დღეს საქართველოში ვიზიტით მყოფი ჟიგიმანტას პავილიონისი, ასევე ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი და ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები მივიდნენ.

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა საქართველოში ვიზიტის შესახებ 7 მაისს განაცხადა.

მოგვიანებით, 10 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვეს, რაზეც მან უთხრა პარტნიორებს, რომ "არ იყო კარგი დრო".

14 მაისს მაიკლ როთმა ქართული ოცნების ოფისში შეხვედრიდან მოკლე ვიდეო გაავრცელა და დაწერა, რომ საქართველოს მთავრობამ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა და ისინი მხოლოდ  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მიიღო.  


close დახურვა