logo
ENG



რა წერია რიშისა და შაჰინის მიერ აშშ-ის სენატისთვის წარდგენილ “ქართველი ხალხის აქტში“

23 მაი 202420:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/23/u2nmuq0gh3bvstb.jpg

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში აშშ-ის სენატს დღეს წარუდგენენ სანქციების ორპარტიულ პაკეტს, რომლის სამიზნეებიც არიან ის ქართველი ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციასა და ადამიანების უფლებების დარღვევაზე და ასევე, პასუხისგებაში მისცემს მათ “მცდელობებისთვის წინ წაწიონ კანონი უცხოური აგენტების შესახებ ან მისი მიღების ხელშეწყობისთვის.”

პაკეტი - ქართველი ხალხის აქტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი, ძირითადად, მოიცავს იმ შედეგებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების იმ წამომადგენლებსა და ოჯახის წევრებს დაეკისრებათ, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებაში, კორუფციაში და რუსული კანონის მხარდაჭერაში არიან პასუხისმგებელი.

პირველ ნაწილში არსებული ჩანაწერის მიხედვით, პერმანენტულად უნდა შეჩერდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული დიალოგი.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენებით გათვალისწინებით, იგი მოიაზრებს ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.

მისი მიხედვით, სხვა ნაბიჯებთან ერთად, უნდა გამოიყოს არანაკლებ 50 მილიონი დოლარი, რომელიც საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გამყარებას მოხმარდება.

პაკეტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გასულ წელს როდესაც საქართველოს მთავრობამ პირველად წარადგინა კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ, მთელ ქვეყანაში მასობრივი პროტესტები გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გაიწვია კანონპროექტი საზოგადოების პროტესტის საპასუხოდ, გასულ თვეში განმეორებით წარადგინა კანონპროექტის ანალოგიური ვერსია, რომელიც პარლამენტმა 14 მაისს მიიღო. მორიგ ჯერზე თბილისის ქუჩებში მასობრივი სამშვიდობო პროტესტები გაიმართა კანონპროექტისა და ქვეყნის ევროპული ტრაექტორიიდან გადახვევის წინააღმდეგ. კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც კანონად ქცევის გზაზეა, ჰგავს 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონს, რომელმაც კრემლის ოპოზიციას ძირი გამოუთხარა.

ქართველი ხალხის აქტი, რომელიც სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი ნიუ-ჰემფშირის შტატიდან) და სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი ნიუ-ჰემფშირის შტატიდან) წარადგინეს, ჩამოაყალიბებს ოფიციალური პირების ჩარჩოს, რომელიც ქართველ ინდივიდუალურ პირებს პასუხისგებაში მისცემს კორუფციისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და მცდელობებისთვის წინ წაწიონ კანონი უცხოური აგენტების შესახებ ან მისი მიღების ხელშეწყობისთვის. კანონპროექტი ასევე გაამყარებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომელიც ძლიერ მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს.

პირველი ნაწილი:

ხაზი გაესვას იმ შედეგებს, რომლებიც დაეკისრება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ხელის შეშლაში, მათ შორის:

  • სახელმწიფო დეპარტამენტსს დაევალოს, დააწესოს მოგზაურობის შეზღუდვები ქართველი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერდნენ უცხოელი აგენტების კანონს და ჩართულები იყვნენ მის ფასილიტაციაში.

  • დაწესდეს ახალი სანქციები საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ.

  • სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალოს არსებული სანქციების სიის გაფართოება იმ  პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე.

  •  სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალოს, საქართველოსთან, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის გადაიხედოს სამხედრო დახმარება და შეერთებული შტატების მთავრობას დაევალოს, შეაჩეროს ყველა ტიპის დაფინანსება საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მატერიალურ დახმარებას.

  • კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, მოწოდება, რომ პერმანენტულად შეჩერდეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგი.

მეორე ნაწილი: 

  • ამერიკის სენატი მხარს დაუჭირეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ბოლო მოვლენების ფონზე.

  • გამოიყოს არანაკლებ 50 მილიონი დოლარი საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად.

  • ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაევალოთ განსაზღვრონ, თუ როგორ გააგრძელებენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ბოლო მოვლენების გათვალისწინებით.

  • სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალება, რომ შეაფასოს საქართველოში უცხო ქვეყნის დამაზიანებელი გავლენის მასშტაბი და იმუშაოს ქართველი პოლიტპატიმრების მხარდაჭერისთვის", - წერია სენატისთვის წარდგენილ სანქციების პაკეტში. 


close დახურვა