logo
ENG



კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებულმა სასამართლო დავა მოიგო

12 ივნ 202418:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/12/fpgwn5ah65sft13.jpg

ISFED-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო არქეოლოგ ლალი ახალაიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 

გადაწყვეტილება სასამართლომ 10 ივნისს მიიღო. 

ახალია კულტურის სამინისტროს შემავალ სხვადასხვა უწყებაში 1978 წლიდან მუშაობდა, ხოლო 2013 წლიდან დასაქმებული იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. 

"2021 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. 2021 წლის 25 ნოემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოშიც დაიწყო რეორგანიზაცია. დაინიშნა ტესტირება ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. სააგენტოში დასაქმებული პირების პროფესიული ცოდნა ტესტირებაზე არ შემოწმებულა. ამავდროულად, დადგენილი არ ყოფილა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 2022 წელს, 9 თვის შემდეგ სააგენტოში მეორე რეორგანიზაცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ლალი ახალაია 2022 წლის 14 ნოემბერს სამსახურიდან გაათავისუფლეს, გასაუბრების ოქმში კი აღნიშნეს, რომ მისი კომპეტენცია არ შეესაბამებოდა დაკავებულ პოზიციას.

გასაუბრების პროცესს არ ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები, სფეროს მცოდნე ექსპერტები. გასაუბრებას, ძირითადად, ატარებდნენ იურისტები, რომლებიც არ ჰქონდათ კონკურსანტის შესაფასებლად საჭირო პროფესიული ცოდნა", - აღნიშნავს ორგანიზაცია. 

ახალაიამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლოში 2022 წლის 14 დეკემბერს გაასაჩივრა და მის ბათილად ცნობას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და კომპენსაციას ითხოვდა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება და დამატებით, სამსახურში აღდგენის ნაცვლად, კომპენსაციის გადახდის ვალდებულება.

 

close დახურვა