logo
ENG



GWP: მეწყრული მასა ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას, რთულდება მუშაობა

17 ივნ 202413:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/17/jp1qn95q7hzhr3a.jpg

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ცენტრალური მაგისტრალის წყალსადენის დაზიანებაზე განცხადებას ავრცელებს.

წერენ, რომ მათგან დამოუკიდებლად მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში ხდებოდა ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც დიდი ზომის გეოლოგიური არასტაბილური მიწის ფერდობი წარმოქმნა.

მათი განცხადებით, ხელოვნური ნაყარი მიწის დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყრული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას, რის გამოც, როგორც ცოცხალი ძალით, ისე ტექნიკით მუშაობა რთულდება.

"ჯივიპის თანამშრომლები დაზიანების დაფიქსირების მომენტიდან ადგილზე არიან მობილიზებული, მიუხედავად ურთულესი და სიცოცხლისთვის საშიში სამუშაოებისა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, გუშინვე მოხდა მილის ტექნიკური დათვალიერება და დიაგნოსტირება.

დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია ჯივიპის ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.

ურთულესი ტექნიკური დაზიანების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შემოვლითი ქსელის მოწყობა. ალტერნატიული ქსელის მოწყობის მიზნით გუშინვე დავიწყეთ გეოლოგებთან და შესაბამის ტექნიკურ ჯგუფებთან ერთად საგანგებო გეგმის შემუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ეტაპობრივად მოგაწოდებთ ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობასთან და წყალმომარაგების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა