logo
ENG



GWP-ის მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

19 ივნ 202420:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/19/1ssbzh524ebbj2n.jpg

ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.

16 ივნისს კომპანია გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

ამ დრომდე ათობით ათას აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, წყალმომარაგების აღდგენას 6 დღე დასჭირდება. 

ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. GWP-ში ამბობენ, რომ მათგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. 

"ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა", - აღნიშნეს კომპანიაში. 

close დახურვა