ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 8 ივლისს ერთგვარი პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ყრილობის ელემენტიც ექნება, სადაც პარტიისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობის საკითხზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, მას ექნება პასუხისმგებლობა, რომ ენმ მისი თავმჯდომარეობით შევიდეს.
"8 ივლისს ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთგვარი, პრეზენტაცია, სადაც იქნება ასევე პარტიული ყრილობის ნაწილი, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები მათ შორის, პარტიის თავმჯდომარესთან და ასევე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც. რა თქმა უნდა, ამ საკითხებზეც, ისევე, როგორც სხვა სიახლეებზეც, რომელსაც ძალიან მალე მოისმენს და დაინახავს საზოგადოება, შევიკრიბეთ დღეს, რათა მივიღოთ გადაწყვეტილებები.
იცით, რომ ლევან ხაბეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესთავაზოს, იყოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე მექნება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებზე შევიდეთ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთმა წარმომადგენლობითმა ყრილობამ, როგორსაც ჩვენ ჩავატარებთ 8 ივლისს, სწორედ ამ ფორმატმა განიხილოს და იმედი მაქვს, მათი მხარდაჭერის შემთხვევაში, დაამტკიცოს", - განაცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ რეფერანდუმად ქცეული არჩევნების დროს ოპოზიციური ფლანგის ერთიანობაა საჭირო, ამიტომ მზად არიან, ძალისხმევა ამ ერთობის შექმნისკენ მიმართონ.
"რაც შეეხება კონფიგურაციებს, იცით, რომ არსებობს ბრიუსელის ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია, რომელსაც მათ შორის, ხელი მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვთვლით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა, ამ გადამწყვეტ მომენტში, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში, რომ იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი. ამიტომ, ეს რამდენიმე დღეც მზად ვართ, ყველა ძალისხმევა მივმართოთ, რომ ერთობა შედგეს. თუმცა თუ სხვა პარტიების და პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით პარტიები შევლენ არჩევნებში არსებული კონფიგურაციით, ენმ შევა არჩევნებში გასამარჯვებლად, შევა 5 ნომრით, როგორც ენმ, ჩვენი პარტიული და რეგიონული ინფრასტრუქტურით. მაგრამ მიუხედავად კონფიგურაციისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ სიახლეებს.
[...] ჩვენთვის მთავარია გამარჯვება და მათ შორის, შიდაპარტიულ სტრუქტურებში იმგვარი კონფიგურაციის არსებობა, რომელიც საუკეთესო ფორმაში შეიყვანს ჩვენს პარტიას და თუ იქნება გამსხვილება, მთლიანად ოპოზიციას ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში და ვთვლით, რომ მათ შორის დღევანდელ პოლიტსაბჭოზე, ისევე, როგორც 8 ივლისის პრეზენტაციაზე, რომელსაც ასევე ექნება პარტიული ყრილობის ელემენტი, სწორედ ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება", - აღნიშნა ბოკუჩავამ.