logo
ENG



კიევი: პრინციპი "არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე" ურყევია

05 ივლ 202417:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/05/o2ur1nikfdex9s8.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიზიტზე გადაწყვეტილება უკრაინასთან "შეთანხმების ან კოორდინაციის" გარეშე იქნა მიღებული. 

"შეგახსენებთ, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის პრინციპი "არავითარი შეთანხმებები უკრაინაზე უკრაინის გარეშე" ურყევია და ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ, მკაცრად დაიცვან ის", - აცხადებენ სამინისტროში.

კიევის მოსაზრებით, ერთადერთი რეალისტური გზა "სამართლიანი მშვიდობის" აღსადგენად "მშვიდობის ფორმულაა".

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად 5 ივლისს ჩავიდა. თავის ტვიტში ორბანმა ამ ვიზიტს "სამშვიდობო მისიის" ნაწილი უწოდა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განმარტა, რომ ორბანი მოსკოვში ჩავიდა, რათა უკრაინაში ცეცხლი "რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს".

ივლისის დასაწყისში უნგრეთი როტაციის წესით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ რუსეთში ვიზიტისას ორბანი ევროკავშირის ინტერესებს არ წარმოადგენს, ხოლო ევროკავშირის პოზიცია რუსეთისა და უკრაინის ომთან დაკავშირებით პუტინთან ევროკავშირის ოფიციალურ კონტაქტს გამორიცხავს.

ომის დაწყების შემდეგ ორბანი უკრაინაში პირველად 2 ივლისს ეწვია, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მოლაპარაკებების დროს ორბანმა მოუწოდა ზელენსკის, იფიქროს ცეცხლის შეწყვეტაზე და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.


close დახურვა