logo
ENG



კობახიძე MEGOBARI Act-ზე: სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა

13 ივლ 202415:09
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე MEGOBARI Act-ზე: სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე MEGOBARI Act-ზე საუბრის დროს ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადახედვაა საჭირო.

პრემიერმინისტრი თუშეთში იმყოფება და მის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. კობახიძე აქტს "არამეგობრულს" უწოდებს.

"ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ აქტს, რომელსაც ჰქვია "მეგობარი აქტი", ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ ჩვენ მეგობრულს. არამეგობრულ აქტს ეწოდება მეგობარი აქტი. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა. ასეთი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, რომ მომავალში სხვა მიმართულებით განვითარდება პროცესები", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

11 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო.

ცნობილია, რომ მოცემული აქტი კომიტეტმა 41-6-ის წინააღმდეგ მიიღო, რაც, შესაბამისად, უახლოეს დღეებში გზას უხსნის წარმომადგენელთა პალატის მიერ სრულ კენჭისყრას.

MEGOBARI Act აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.

კანონპროექტის წარმდგენმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ MEGOBARI ACT ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად არის შექმნილი და მისი მიზანია უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულება ქვეყნის მოქალაქეების წინაშე.


close დახურვა