logo
ENG



ჯაფარიძე რუხაძეზე: ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ოცნებას არ სურს საქართველო EU-ში

15 ივლ 202412:00
3 წუთის საკითხავი
 

პლატფორმა ერთიანობის ლიდერის გია ჯაფარიძის თქმით, იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს სურვილი, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. რუხაძემ თქვა, რომ  კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი "სისულელეა".

ჯაფარიძის თქმით, ეს განცხადება, როგორც ჩანს, ივანიშვილისგან მოდის.

"რამდენადაც ვიცით, ირაკლი რუხაძე წარმოადგენს ივანიშვილის უახლოვეს გარემოცვას, აქედან გამომდინარე მის განცხადებას ამიტომაც აქვს მნიშვნელობა. თავის დროზე, როდესაც ქართულმა ოცნებამ ეს მუხლი შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში, მაშინაც ვფიქრობდი რომ ეს იყო მათი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი. ერთი მხრივ, დაერწმუნებინათ საქართველოს მოქალაქეები თავიანთ თითქოს დასავლურ ორიენტაციაში, ამავდროულად ეს იყო სატყუარა, რომელიც გადაუგდეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.

მაშინ როდესაც, ევროპის კავშირთან გართულებულია, გაუარესებულია ურთიერთობები, მაშინ როდესაც თავად ევროპის კავშირი აცხადებს, რომ შეჩერებულია საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესი, მაშინ როდესაც შეჩერებულია ევროპის კავშირის ფინანსური დახმარება, რაც საქართველოს უამრავ მოქალაქეს ტოვებს - სიღარიბეში, უმუშევრობაში, ეს განცხადება, როგორც ჩანს, მოდის ივანიშვილისგან და ეს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, ქართულ ოცნებას არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო არ გახდეს ამ სივრცის ნაწილი, ქართული ოცნება წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე", - თქვა ჯაფარიძემ.

რუხაძემ თქვა, რომ კვლევებში გამოკითხულთა მხოლოდ 2–3% ფიქრობს, რომ ევროკავშირში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ოპოზიცია დასავლეთის მხარდაჭერის ამ საკითხს "აფეტიშებს". 


close დახურვა