ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსის" საკუთრებაში არსებულმა რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ("რუსთავის ფოლადმა") მისი არმატურის საწარმოო ხაზი მეტალურგიულ კომპანია "პიემ მეტალზე" გაასხვისა.
ინფორმაციას Bm.ge კომპანიის ამონაწერისა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე იუწყება.
„რუსთავის ფოლადმა“ 2025 წლის დეკემბერში დააფუძნა კომპანია „იბერია რიბარი“, რომელსაც გადასცა კომპანიის საკუთრებაში არსებული არმატურის საწარმოო ხაზი, ხოლო 2026 წლის 30 ივლისს “იბერია რიბარის” მფლობელი გახდა ბიზნესმენ გიორგი მირიანიშვილის საკუთრებაში მყოფი „პიემ მეტალი“.
იმის შესახებ, რომ კომპანია „რუსთავის ფოლადი“ არმატურის სეგმენტის გაყიდვას გეგმავდა, კომპანიის უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა იგორ კორიტკომ 2026 წლის იანვარში BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არმატურის სეგმენტში საქართველოს ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ რთული იყო, რასაც თან ერთვოდა იმპორტის მნიშვნელოვანი მოცულობაც. სწორედ ამიტომ, კომპანიამ უნაკერო მილების გაყიდვაზე აიღო ძირითადი აქცენტი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს „რუსთავის ფოლადის“ ჯამური შემოსავალი 285 მილიონი ლარი იყო, საიდანაც არმატურის სეგმენტზე ყველაზე მეტი – 200 მილიონი ლარი მოდიოდა.
მანამდე ირაკლი რუხაძემ გაყიდა „ლიბერთი ბანკი“ და ტელეკომპანია „იმედი“.
