ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. „ბაზისბანკის“ ხელმძღვანელობასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუხაძემ განმარტა, რომ მოლაპარაკებები წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ გარიგებით ის ბანკის აქტივებიდან სრულად გადის.
მისი თქმით, ბანკების გაერთიანება პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და საბანკო სექტორში არსებულ კონკურენციაზე, რადგან ბაზარზე ჩნდება მესამე მსხვილი მოთამაშე.
„წელიწადნახევარი ამ გარიგებაზე ვმუშაობდით და მივიყვანეთ ბოლომდე. მე მგონია კარგია, ჩვენთვისაც, როგორც ამავე პარტნიორისთვის, რომელმაც 8 წლის წინ ეს ბანკი იყიდა, ასევე, კარგია ბაზისბანკისთვის, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის. იმიტომ, რომ ხდება მესამე ბანკი, რომელიც ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე აქამდე მესამე ბანკი იყო ბაზარზე. მეტი რაღაცების გაკეთება შეეძლება გაერთიანებულ ბანკს, ვიდრე ცალ-ცალკე შეგვეძლო. ეს კარგია კონკურენციის ბაზრისთვის, ძალიან ბევრი სინერგიებია, რომლებსაც მენეჯმენტის გუნდი დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის განმავლობაში აითვისებენ. ცოტა დრო დასჭირდება რომ ეს ორი ბანკი ერთ ბანკად გადაიქცეს, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ საინტერესოა. ბაზის ბანკი ჩვენთვის არ არის უცხო ბანკი, ერთ-ერთი პირველი კლიენტი მე ვიყავი მათი და მჭიდროდ ვთანამშრომლობდით", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ „ბაზისბანკმა“ მარეგულირებლისგან ნებართვა მიიღო და „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის მფლობელი გახდა. ირაკლი რუხაძემ ბანკის გაყიდვის სურვილი ჯერ კიდევ 2025 წელს გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის თებერვალში, ბრიტანული სანქციების ფონზე, ბიზნესმენმა ტელეკომპანია „იმედიც“ გაასხვისა.
