logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ბიძინას არეულის დალაგება

17 ივლ 202417:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/17/rrqs8v904bvoj5x.jpg

დავიწყოთ იმით, რომ თუ უახლეს ისტორიას გავიხსენებთ, შევამჩნევთ - სახელისუფლებო ვადის ბოლოს, მმართველ პარტიას, ახალი და გრანდიოზული მასშტაბის პარტიული ოფისის აშენება და გახსნა მაინცადამაინც კარგად არ აქვს დაცდილი.

ბევრი რამ შეგვიძლია ვუწოდოთ გუშინდელ შეკრებას: თავყრილობა, პრეზენტაცია, შეხვედრა მაგრამ რის შთაბეჭდილებასაც ნამდვილად არ დაგიტოვებდათ - რაღაც სიახლის, თუნდაც მორიგი, მაგრამ ახალი საარჩევნო კამპანიის დასაწყისისას.

თბილისელების უკმაყოფილებით შეწუხებული და შეშინებული, სამთავრობო დაწესებულებების კვარტალში შეყუჟული, დიდი და კეთილმოწყობილი ოფისის ეზოში ჩამოწოლილ განწყობაში - რაიმეს სტარტზე მეტად - დასასრულის, ენერგიის, ენთუზიაზმისა და იდეების განლევა იკითხებოდა.

გუშინ ფეისბუქზე იკითხეს - ან ოპოზიციას, ან ახალგაზრდულ საპროტესტო ორგანიზაციებს რატომ არ მოუვიდათ თავში აზრად ოცნების თავყრილობის პარალელურად რაიმე საპროტესტო აქცია მოეწყოთ, იქვე მახლობლად, ხმაურის შესატანად რუსულ ყაიდაზე ქვეყნის მოწყობის მსურველებთან მისული არაპოლიტიკოსებისთვის დისკომფორტის შესაქმნელად... შეიძლება გუშინდელი საღამო ასე უფრო შესამჩნევი და საინტერესო გამხდარიყოო...

კარგია, რომ ასე არ მოხდა - რუსულ ოცნებაზე გაბრაზებული ხალხის აქტივობა და შემართება ძალიან გააფუჭებდა ხელოვნური სიმყუდროვის შეგრძნებას, რომელსაც პოლიტიკური ნაფთალინისა და საბჭოური ტიპის იძულების, თუ ნებაყოფლობითი კონფორმიზმის სურნელი მძაფრად ასდიოდა. ივანიშვილის სულ უფრო იშვიათი გამოჩენითა და პარტერში არსებული განწყობის ტრანსლირებით გუშინდელი დღე რაიმე ახალი, მითუმეტეს საარჩევნო კამპანიის ენთუზიაზმითა და ენერგიით სავსე დასაწყისზე კი არ მიუთითებდა, არამედ რეჟიმების, კიდევ უფრო ზუსტად - საბჭოეთის ბოლო ფაზის, სადღაც ჩერნენკოს პერიოდის უძრაობასა და არარსებობას შორის გარდამავალი პერიოდის ასოციაციებს აღძრავდა. ალბათ ამიტომაც სატელევიზიო ტრანსლაციის ყველაზე სახასიათო და დასამახსოვრებელ კადრად შინაგან საქმეთა მინისტრის მთქნარება იქცა. სანახაობა ვერც მდინარაძის ხელოვნურმა ენთუზიაზმმა გამოაცოცხლა და ვერც თავად ივანიშვილის უკბილო, უფრო ზუსტად არაადეკვატურმა შედარებამ - საახალწლო ფეიერვერკების ნაცვლად ლომჯარიას ფეიერვერკი რომ შეიძლება ვიხილოთო.. დაიბნა ხალხი ვერც კიტოვანის როლში ზარბაზნიანი ლომჯარია წარმოიდგინეს და იმასაც მიხვდნენ, რომ ამ ,,სერიოზული“ კაცის ასეთ სერიოზულ გამოსვლაში ხუმრობის ადგილი არ უნდა ყოფილიყო.. მოკლედ გაურკვევლობამ მოიცვა მსმენელი - ივანიშვილი რეაქციას ელოდა ამ გონებამახვილურ მიგნებაზე, მაგრამ აუდიტორია უხერხულობისგან დუმდა.

დანარჩენი: შინაარსობრივად ყველაფერი ძველი და მოსაწყენი: მითური მტერი - გლობალური ომის პარტიის სახით, ადგილობრივი აგენტურა - კოლექტიური ნაცმოძრაობით, მსხვერპლად გადაკეთებული ფაქტობრივი მტერი - რუსეთის სახით, რომლის ხსენებაც ოცნების სცენიდან აკრძალულია და "დიდი ძმა" ჩინეთის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახით.

კიდევ უფრო თუ დავავიწროებთ საარჩევნო ფოკუსს: დაპირისპირების მთავარი ხაზი ამომრჩევლის გულებსა და გონებაში ძირითადი ნარატივის მიმღებლობასა და გააზრებაშია: აქეთ არის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანი ქრისტიანულ ეთიკასა და თავისუფლების ღირებულებაზე აღმოცენებულ, დემოკრატიულ, კეთილდღეობისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული პოლიტიკური, სამართლებრივი და კულტურული სისტემა, მარტივად - თავისუფალი სამყარო და იქით ადამიანის ინდივიდუალური უფლებების არ მცნობი, დემოკრატიისაა და თანასწორობის პრინციპების უარმყოფი, ავტოკრატიული ელიტის პრივილეგიებსა და ფუფუნებაზე დაფუძნებული, მასების პროპაგანდისტული სალაფავით კვების ტექნოლოგიაზე მდგარი, წარსულში ჩარჩენილი ტოტალიტარული სისტემების თანამეგობრობა.

ასეთ სისტემებს, პოლიტიკური ვამპირივით, მუდმივად ჭირდება საგარეო თუ საშინაო მტერი, რომელთან მუდმივ დაპირისპირებაში ყოფნითაც იღებს რეჟიმის შენარჩუნების ლეგიტიმაციას, ენერგიას და რესურსს. მოკლედ არჩევანი მარტივია აქეთ ევროპა და დასავლური ცივილიზაცია, იქით რუსეთი და მისი მსგავსნი.
ამის საპირისპიროდ ბიძინა დაჟინებით ცდილობს არჩევნები ომსა და მშვიდობას შორის არჩევანად შემოგვასაღოს. მაშინ, როცა თავად ოცნებაა მუდმივი ცივი სამოქალაქო ომის პარტია, თავად ბიძინაა გამოგონილ და არა ნამდვილ საგარეო მტერთან უწყვეტი კონფლიქტის და დაპირისპირების წყაროც და იარაღიც მოსკოვის ხელში.

ისევ ერთი წელი ითხოვა ივანიშვილმა. მერე ყველაფერი დალაგდება და იმ ახალ დალაგებულში ჩვენც დავლაგდებითო. მტრის კიდევ ერთხელ მონიშვნისა და "მეგობრების" დასახელების შემდეგ დიდი ანალიტიკური ძალისხმევა არ უნდა ჭირდებოდეს იმის მიხვედრას - რა ტიპის სამყაროს ,,დალაგებას“ ელოდება ივანიშვილი.

ის სამყარო ახლაც "დალაგებულია" - მეზობლებთან კი არა, მართლაც სისხლისმიერ ძმებთან ომებით, თავისივე ხალხის საზარბაზნე ხორცად ქცევით და ჩაგვრით, პროგრესის უარყოფით და ცივილიზაციასთან, ადამიანურობასთან, რელიგიურ ღირებულებებთან და კულტურასთან დაპირისპირებით.
ასეთ "დალაგებაში" თავისუფალი სამყარო წილს არ გაიღებს. ტრამპის გაპრეზიდენტების ვერსიაშიც კი გონების და მეხსიერების ოდნავი დაძაბვა წაგვეხმარება მივხვდეთ - ჩინეთთან, რუსეთთან, თუ ირანთან რა ტიპის პოლიტიკა "დალაგდება".

ეს ის შემთხვევა არაა, რომ ვთქვათ: მაგის, ანუ ბიძინას "დალაგებულს სხვისი არეული მირჩევნიაო". პირიქითაა საქმე - მომავალი არჩევნები სინამდვილეში იმაზეა - ბიძინას არეული საქართველოს სვლა ყველაზე დაცულ და კეთილდღეობით სავსე სამყაროსკენ საბოლოოდ შეუქცევადი გავხადოთ.


close დახურვა