თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა 2 000 ლარით დააჯარიმა და 2 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.
დავით ქაცარავას წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
მოსამართლემ წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყვიტა, სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის ნაწილში კი დავით ქაცარავა სამართალდამრღვევად ცნეს.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან Facebook-ზე დაწერა, რომ სასამართლო ქართული ოცნების "ბრმა იარაღს" წარმოადგენს და არ უნდა არსებობდეს ილუზია მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
პოლიციამ რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციაზე დავით ქაცარავა 14 მაისს დააკავა. მოგვიანებით, გავრცელდა დავით ქაცარავას ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ის სასტიკად იყო ნაცემი.
ის რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში იმყოფებოდა - კლინიკის დატოვების შემდეგ მან თქვა, რომ მძიმე ტვინის შერყევა და მხედველობის პრობლემა აქვს.