logo
ENG



CNN: ტრამპზე თავდასხმამდე აშშ-მა მიიღო ინფორმაცია ირანის მხრიდან ლიკვიდირების შესაძლო გეგმაზე

30 ივლ 202418:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/30/6jvc2canfbxewz3.jpg

CNN-ის თანახმად, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, ირანის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო ლიკვიდირების გეგმის მომზადების შესახებ. გამოცემა იუწყება, რომ ეს ინფორმაცია საიდუმლო სამსახურს გადაეცა, რის შემდეგაც დონალდ ტრამპის დაცვა გაძლიერდა.

СNN წერს, რომ ეს ფაქტი აჩენს კითხვებს უსაფრთხოების სამსახურის ხარვეზთან დაკავშირებით. ამასთან, გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ მეთიუ კრუქსი, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, ირანთან არის დაკავშირებული.

ანალოგიური განცხადება გააკეთა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმაც:

"ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოძიებამ ვერ დაადგინა კავშირები მსროლელსა და რომელიმე თანამონაწილეს - უცხოელსა თუ ადგილობრივს შორის", - განაცხადა ედრიენ უოტსონმა.

აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახური და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი ინფორმირებული იყო საფრთხის შესახებ, რის შემდეგაც გაიზარდა უსაფრთხოების რესურსები, რამაც უზრუნველყო თავდასხმისას ფატალური შედეგების თავიდან აცილება.

გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ირანის მონაწილეობა უარყო.

"ეს ბრალდებები დაუსაბუთებელი და მავნეა. ირანის გადმოსახედიდან, დონალდ ტრამპი არის დამნაშავე, რომელიც უნდა დაისაჯოს და დაისაჯოს სამართლებრივად", - თქვა მან.

***

14 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო, რა დროსაც კანდიდატმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო. ის ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემაც, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, ის განეიტრალებულია

მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მსროლელის ვინაობა დაასახელა. ბიუროს ცნობით, ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია


close დახურვა