logo
ENG



ინაუგურაციაზე, რომელსაც კობახიძე დაესწრო, სკანდირებდნენ - "სიკვდილი ისრაელს, ამერიკას"

30 ივლ 202423:49
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც მეჯლისში (ირანის პარლამენტი) საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრო.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ინაუგურაციის დროს დარბაზში ისმის შეძახილები - "სიკვდილი ისრაელს", "სიკვდილი ამერიკას".

ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ინაუგურაციიდან გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ კობახიძე ღონისძიებას ჰამასის ლიდერთან ისმაილ ჰანიასთან ერთად დაესწრო. 

მანამდე მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობახიძე ირანის პრეზიდენტს პირისპირაც შეხვდა, რა დროსაც მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.

კობახიძესთან ერთად თეირანში იმყოფება პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. არჩევნებში 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მონაწილებდა, საიდანაც ხმების 53%-ზე მეტი მან მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნები ირანში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა.


close დახურვა