logo
ENG



ბენ კარდინის თქმით, ვინც არ უნდა მოიგოს აშშ-ის არჩევნები, საგარეო პრინციპები იგივე იქნება

31 ივლ 202400:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/31/mlr0yw8aoosuzvs.jpg

სენატორი ბენ კარდინი ამბობს, რომ აშშ-ის პოლიტიკა ეფუძნება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებების დაცვას და მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით ქვეყნის პრინციპები იგივე დარჩება.

ეს განცხადება მან ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა, რომელმაც სენატორს ქართული ოცნების ლიდერების განცხადებაზე ჰკითხა, რომლებიც დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში "საქართველოს მიმართ დამოკიდებულების შეცვლას" ელიან.

"მე ვფიქრობ, რომ უცხოელი ლიდერები ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ცვლილებებს, პოტენციურ ცვლილებებს ადმინისტრაციაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა აშკარად ეფუძნება ჩვენს ღირებულებებს და ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვჯერა დემოკრატიული ინსტიტუტების, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებების დაცვის. და მე ძალიან ვარ დარწმუნებული, რომ იმისდა მიუხედავად, როგორ დასრულდება არჩევნები, ეს ღირებულებები მხარდაჭერილი იქნება საგარეო პოლიტიკით. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო პრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნება", - თქვა მან.

სენატორმა ასევე რუსულ კანონზეც ისაუბრა და თქვა, რომ "არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ რუსული სტილის მტრობის ამოქმედება მიუღებელია".

"არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ რუსული სტილის მტრობის ამოქმედება მიუღებელია, ეს გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე, ეს უარყოფს დემოკრატიულ პრინციპებს და ვალდებულებებს, რომელიც, ჩვენ ვთვლიდით, რომ ნათელი იყო ევროპასთან ინტეგრაციისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და NATO-სთან ურთიერთობებში. ვფიქრობ, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომელიც უნდა გამოსწორდეს", - თქვა მან.

ბენ კარდინს აშშ-ის სენატში დარეგისტრირებულ - ქართველი ხალხის აქტზეც ჰკითხეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციებს ითვალისწინებს. მან თქვა, რომ მიმდინარეობს საერთო პოზიციაზე შეჯერება. 

"დიახ, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. როგორც თქვენ იცით, ჩვენ ვცდილობთ ვაწარმოოთ არა მხოლოდ ოპერატიული საგარეო პოლიტიკა, არამედ ვმუშაობთ ადმინისტრაციასთანაც. ამდენად, მიდის საუბარი, თუმცა ჩვენ ვცდილობთ შევჯერდეთ საერთო პოზიციაზე. ვფიქრობ, რომ ადმინისტრაცია, ასევე დემოკრატები, რესპუბლიკელები, სენატი ძალიან ეწინააღმდეგებიან იმას, რაც საქართველომ გააკეთა მათ კანონმდებლობასთან დაკავშირებით", - თქვა სენატორმა. 


close დახურვა