logo
ENG



DRI: სექტემბრიდან ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება

01 აგვ 202413:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/01/jb1yqwjxzkfpq3s.png

ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, სექტემბრიდან ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2017 წლამდე ახალგორის სკოლებში სწავლა ქართულ ენაზე, ქართული სასწავლო პროგრამით მიმდინარეობდა.

"ოკუპირებული ახალგორის რაიონში მოქმედი ექვსი სკოლიდან (იკოთში, ბოლში, კორინთაში და ბალაანში), 2024 წლის სექტემბრიდან ორი - კორინთისა და ბოლის სკოლები დაიხურება. ოფიციალური მიზეზი მოსწავლეების არარსებობაა. ორივე საგანმანათლებლო დაწესებულება 9-კლასიანია. სოფელ ბოლის სკოლა ახალგორის სკოლის ფილიალია, ხოლო კორინთის - სოფელ იკოთის. ბოლის სკოლა დაბიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრით არის დაშორებული და იმის გამო, რომ მისი მუშაობა შეენარჩუნებინათ, სკოლაში დასაქმებული პედაგოგების შვილები იქ დაბიდან დადიოდნენ. მათ 9 კლასი უკვე დაამთავრეს.

ახალგორში წლევანდელი დამამთავრებელი კლასი უკანასკნელი იყო, რომელიც განათლებას ქართულ ენაზე იღებდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა, რომ სწავლების რუსულ ენაზე გადასვლამ ახალგორში განათლების ხარისხი სერიოზულად გააუარესა. მოსწავლეებს რუსულ ენაზე სწავლა, ხოლო მასწავლებლებს საგნების რუსულ ენაზე სწავლება უჭირთ. მასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია და განათლება ქართულ ენაზე აქვს მიღებული.

ცხინვალის უშიშროების დე ფაქტო სამსახური ამ გარემოებას ახალგორის სკოლების ეთნიკურად ქართველი და არალოიალური პედაგოგების მოსაშორებლად შეიძლება იყენებდეს. მაგალითად, ადგილობრივ მოსახლეობას ახალგორის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის გათავისუფლების მიზეზად დასახელებული რუსული ენის არცოდნა სარწმუნოდ არ მიაჩნია. გათავისუფლების მიზეზი დამაჯერებლად არ გამოიყურება იმ ფონზეც, რომ პედაგოგი რუსულ ენაზე საგანს აქამდეც ასწავლიდა, მის შემცვლელად კი, „კაგებე“-სთან დაახლოებული პირი მოიაზრება", - წერია DRI-ის ინფორმაციაში.


close დახურვა