logo
ENG



იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა

05 აგვ 202414:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/05/0sctr0s9n92l4vc.jpg

იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის ფარგლებში ორგანიზაციების დასარეგისტრირებლად განკუთვნილი რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა.

რეესტრში საიდენტიფიკაციო ნომრითა და სახელით იქნება შესაძლებელი იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მოძებნა, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსების გამო უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში დარეგისტრირება კანონით ევალებათ.

ცნობილია, რომ ონლაინმედიები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები არ აპირებენ დარეგისტრირდნენ ე.წ. აგენტების რეესტრში და რუსული კანონის მიღების შემდეგ მათ დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. რუსული კანონი სამი - პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების - სარჩელებითაა გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში.

ამ დროის მონაცემებით, რეესტრში ჯერ არცერთი ორგანიზაცია არ ჩანს.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პირველი აგვისტოდან ორგანიზაციებს მოუწევდათ განაცხადების გაკეთება, რადგან კანონი ამ დღიდან ამოქმედდა.

"თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე კანონში არის გაწერილი, იცით თქვენ კარგად შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას", - თქვა მინისტრმა.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს პრეზიდენტის ვეტო დასძლია. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.

 

 

 

 

close დახურვა