logo
ENG



შესაძლოა, ბანგლადეშის ახალი პრემიერი ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამედ იუნუსი გახდეს

06 აგვ 202414:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/06/duyqv1xt5wafmrz.jpg

Reuters-ის ცნობით, დემონსტრანტების მოთხოვნით ბანგლადეშის დროებითი პრემიერმინისტრი შესაძლოა მუჰამედ იუნუსი გახდეს, რომელსაც 2006 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. როგორც ცნობილია, 84 წლისა იუნუსი ამ წინადადებას უკვე დათანხმდა.

ჯილდოს მიღების შემდეგ, იუნუსმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას აპირებდა. დროთა განმავლობაში, მან საკუთარი პარტიის დაარსების იდეა მიატოვა, მაგრამ პოლიტიკური საქმიანობა არ შეწყვიტა და ოპოზიციის მხარე დაიკავა.

2024 წლის იანვარში მას ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს შრომის კანონების დარღვევისთვის. იუნუსმა დანაშაული არ აღიარა და მის დევნას პოლიტიკური უწოდა.

ბანგლადეშის პრემიერმინისტრმა, შეიხ ჰასინამ, ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, თანამდებობა დატოვა.

ჰასინას გადადგომა მოჰყვა ქვეყანაში მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ივლისში სტუდენტების მშვიდობიანი პროტესტით დაიწყო.

თავდაპირველად, აქციის მონაწილეები კვოტების სისტემის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც სამთავრობო დაწესებულებებში სამუშაო ადგილების 30% 1971 წლის ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ვეტერანთა ნათესავებისთვის გამოიყოფა.

ამის შემდეგ მათი პროტესტი პრემიერმინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო მოძრაობასა და არეულობაში გადაიზარდა.

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 


close დახურვა