logo
ENG



ბიძინა ივანიშვილის ოჯახის აქამდე უცნობი უძრავი ქონება მოსკოვში - TI-ის გამოძიება

09 აგვ 202411:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/09/j5v9m70zk8c6dyp.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თანაავტორობით ჩატარებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად აღმოჩენილია ივანიშვილების ოჯახის მოსკოვში მდებარე რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები.

საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში, სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო), მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე (795.6 და 614.5 კვ.მ.), რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52 749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით.

TI-ის ცნობით, აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი – გაცილებით მეტი.

ამასთან, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9 000 დოლარად (დაახლოებით 800,000 რუბლი) აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს; ხოლო თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, ვითიბი ბანკი და სბერბანკი.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქონებები რეგისტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, მისი შვილის, უტა ივანიშვილისა და რუსული კომპანია შპს აკვა-სფეისის სახელზე. ამ უკანასკნელს ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით ფლობს.

"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის 2011 წლის დაპირება, რუსეთთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის შესახებ, რასაც დღემდე აჟღერებენ მმართველი პარტიის პირველი პირები, ტყუილი იყო. კავშირის გაწყვეტის ნაცვლად, მისი ოჯახი მოსკოვური ქონების გაფართოებითაა დაკავებული. დაპირების არშესრულებასა და ივანიშვილის ოჯახის რუსეთთან პრობლემურ კავშირებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ჯერ კიდევ 2022 წერდა, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით რუსეთში ბიზნესს, შპს აკვა სფეისს, ინარჩუნებდა. თუმცა, მაშინ არ იყო ცნობილი რას საქმიანობდა ეს კომპანია. ახალი გამოძიების მიხედვით გაირკვა, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ივანიშვილების სოკოლის რეზიდენციის მოვლა და მისი გაქირავებაა", - წერია განცხადებაში.

ოდინცოვოს რეზიდენცია

ოდინცოვოს რაიონი მოსკოვის ოლქში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული საგარეუბნო დასახლებაა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ამ რაიონის დასახლება იზმალკოვოში უძრავი ქონების დაგროვება ჯერ კიდევ 1997-98 წლებში დაიწყო.

დღემდე ცნობილი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, სახელზე რეგისტრირებული იყო 12,107 კვ.მ. საერთო ფართობის 3 მიწის ნაკვეთი, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს პრემიერმინისტრის რანგში შევსებულ ერთადერთ ქონებრივ დეკლარაციაში ასახა.

ამ გამოძიებით კი დადგინდა, რომ ეკა ხვედელიძე მოსკოვში ქონების დაგროვებას დღესაც განაგრძობს: მან 2021 წელს შეიძინა დამატებით 2 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი (საერთო ფართით 9,070 კვ.მ.) მათზე არსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობით, მათ შორის 795.6 კვ.მ. ფართობის კერძო საცხოვრებელი სახლით; ხოლო, სულ რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის 19 აპრილს – 4,500 კვ.მ. ფართობის კიდევ ერთი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი.

საინტერესოა, რომ ოდინცოვოს რეზიდენციას და ასევე 2024 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთის წინა მფლობელი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი იყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უჩა მამაცაშვილის განსაკუთრებულ სიახლოვეს ივანიშვილების ოჯახთან.

შეხსენებისთვის, უჩა მამაცაშვილი 2023 წლის გაზაფხულამდე საერთო რუსულ ბიზნესს ფლობდა აშშ-ს მიერ სანქცირებულ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ „კაგებეს“ გენერალ, გეორგი პოლტავჩენკოსთან.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ოდინცოვოს რეზიდენციის ნაწილს ივანიშვილების ოჯახი რუსული კომპანია შპს „აკვა-სფეისის“ საშუალებით ფლობს. საუბარია რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე კიდევ 3 მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საერთო ფართობით 27,072 კვ.მ., რომლებიც კომპანიის საკუთრებად 2012-2013 წლებში დარეგისტრირდა. თავად შპს „აკვა-სფეისს“ ბიძინა ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიის (Vanity Overseas Limited) გავლით ფლობს.

ამასთან, შპს „აკვა-სფეისის“ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები იქვე მდებარე ტბის გარშემოა განლაგებული.

ამრიგად, მთლიანობაში, მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ივანიშვილების ოჯახს ეკუთვნის 52,677 კვ.მ. საერთო ფართობის 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 795.6 კვ.მ. ფართობის კერძო საცხოვრებელი სახლი, 3 გარაჟი და კიდევ 9 დამხმარე ნაგებობა. მთლიანობაში, ამ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება მინიმუმ 11 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი – გაცილებით მეტი.

სოკოლის რეზიდენცია

ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკა ხვედელიძის თანასაკუთრებაშია კიდევ ერთი რეზიდენცია სავრასოვას ქუჩაზე, რომელიც მოსკოვის შემოგარენში სოკოლის დასახლებას ეკუთვნის. სახლის თანამესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი, რომელიც, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქეა.

სავრასოვას ქუჩა პრესტიჟულ ე.წ. „მხატვრების სოფელში“ მდებარეობს, რომელიც რუსეთის მერიის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. „მხატვრების სოფელი“ იშვიათი ადგილია მოსკოვში, სადაც მრავალსართულიან შენობებს შორის კერძო საცხოვრებელი სახლებია შემორჩენილი, რის გამოც ის ერთ-ერთი უძვირეს უბნად ითვლება.

2001 წელს შეძენილი 614,5 კვ.მ. ფართობის სამ სართულიანი შენობის სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 3.8 მილიონი აშშ დოლარია, დიდი ალბათობით კი – გაცილებით მეტი. სოკოლის რეზიდენცია ბიძინა ივანიშვილს 2013 წელს პრემიერმინისტრის რანგში შევსებულ ერთადერთ ქონებრივ დეკლარაციაში ასახული აქვს.

ივანიშვილების ოჯახის სოკოლის რეზიდენციის მოვლასა და გაქირავებას უზრუნველყოფს შპს „აკვა-სფეისი“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჯერ კიდევ 2022 წელს აღმოაჩინა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით რუსეთში ბიზნესს, შპს „აკვა სფეისს“, ინარჩუნებდა. თუმცა, მაშინ არ იყო ცნობილი რას საქმიანობდა ეს კომპანია. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ივანიშვილების სოკოლის რეზიდენციის მოვლა და გაქირავებაა.

ამჟამად ივანიშვილების ოჯახს სახლი გაქირავებული აქვს ცნობილ რუს რეჟისორ ანდრეი პერშინზე (ფსევდონიმით ჟორა კრიჟოვნიკოვი), საიდანაც ყოველ თვე 9,000 აშშ დოლარ შემოსავალს იღებს. ამ შემოსავლის უმეტეს ნაწილს შპს „აკვა-სფეისი“ ურიცხავს პირადად ეკატერინე ხვედელიძეს. ამ გზით, ეკატერინე ხვედელიძემ 2022 წლის სექტემბრის შემდეგ დაახლოებით 94,000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

თავის მხრივ, შპს „აკვა-სფეისმა“ 2023 წელს ჯამში 71 მილიონი რუბლის (დაახლოებით $800,000) წმინდა მოგება ნახა. ქირიდან მიღებული შემოსავლის გარდა, კომპანია იღებს პროცენტს მის მიერ სბერბანკში ყოველთვიურად მრავალმილიონიანი (რუბლი) მოკლევადიანი დეპოზიტების განთავსებით.

აღსანიშნავია, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილის კომპანიას შპს „აკვა-სფეისს“, ისე ეკატერინე ხვედელიძეს საბანკო ანგარიშები აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსულ ბანკებში აქვთ. ხვედელიძეს ანგარიში ვითიბი ბანკში აქვს, ხოლო შპს „აკვა-სფეისს“ – სბერბანკში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა