logo
ENG



OOCRP პასუხობს ოცნებას, რომელმაც ივანიშვილის ქონებაზე მათ გამოძიებას სიცრუე უწოდა

14 აგვ 202414:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/14/61mzn2ylt0w89sh.jpg

ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი (OOCRP) ქართულ ოცნებას, რომელმაც მათ ჟურნალისტურ გამოძიებას ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის ქონებასთან დაკავშირებით „ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებული“ უწოდა, განცხადებით პასუხობს.

ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ გამოძიება ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ქონების შესახებ დოკუმენტებს და კონკრეტულად არ არის ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უძრავი ქონება თავად შეიძინა.

OOCRP-ში აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას, მათ შორის დაზუსტებას იმის შესახებ, რომელ ინფორმაციას მიიჩნევენ მცდარად.

OOCRP-მა და მედია პარტნიორებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თანაავტორობით ჩატარებული გამოძიების შემდეგ 9 აგვისტოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ცოლი რუსეთში ფლობს მინიმუმ 14.7 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთს, რომელიც მას ამა წლის დასაწყისში გადაეცა.

საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში, სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო), მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე (795.6 და 614.5 კვ.მ.), რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52 749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის აქამდე უცნობი უძრავი ქონება მოსკოვში - TI-ის გამოძიება 

მოგვიანებით, ქართულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტურ გამოძიებას "ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებული" უწოდა და აღნიშნა, რომ "1998 წლის შემდეგ რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია".


close დახურვა