logo
ENG



კობახიძის აზრით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა "დემოკრატიული პროცესია"

22 აგვ 202413:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/22/nos2mlnsu89abdy.jpg

პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის აზრით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა "დემოკრატიული პროცესია". ის ირწმუნება, რომ "როდესაც არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ასე უნდა ხდებოდეს". 

კობახიძის მტკიცებით, პოლიტიკური პარტიები "ერთმანეთის მიყოლებით" იკრძალება უკრაინასა და მოლდოვაშიც, რასაც მისი თქმით, ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინასა და მოლდოვაში რუსეთთან კავშირში მყოფი პოლიტიკური პარტიები აკრძალეს. 

"სააკაშვილის რეჟიმი არ არის ქართული სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებაზე და რა თქმა უნდა, ეს პროცესი ვერავითარ საფრთხეს ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რაც თავიდან ბოლომდე უნდა ჰქონდეს ყველას გააზრებული. რაც შეეხება არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცედურა, როდესაც არსებობს ამისათვის ყველა სამართლებრივი საფუძველი, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს.

თქვენ ასევე იცით, რომ ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პოლიტიკური პარტიები უკრაინაში, მოლდოვაში და ამასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური შეფასებები ისმის იგივე ევროკავშირის მხრიდან. ეს არის დემოკრატიული პროცესი, როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, როდესაც პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და დემოკრატიული სისტემის წინაშე", - ამბობს კობახიძე. 

20 აგვისტოს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის რამდენიმე მიზეზია მოყვანილი.

ოცნების განცხადების თახმად, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ "სამართლებრივ პროცესს", რომლის შედეგადაც ნაციონალურ მოძრაობას და ყველა მისი "სატელიტი თუ მემკვიდრე" პარტია" არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.


close დახურვა