გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში ქართული ოცნების ინიციატივას ეხმაურება. ხვიჩიას თქმით, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიის გამოცხადებით, ეკლესია ადმინისტრაციულ ორგანოდ იქცევა.
"ამით ეკლესია იქცევა ადმინისტრაციულ ორგანოდ და ამაზე დიდი ეკლესიასთან ბრძოლა რთულად წარმოსადგენია", - წერს ხვიჩია.
ინფორმაცია, რომ ქართულ ოცნებას სურს, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად ოფიციალურად გამოცხადდეს, ფორმულამ 26 აგვისტოს გაავრცელა. მოგვიანებით ეს საპატრიარქოშიც დაადასტურეს.
ფორმულასთან საუბრისას საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მამა ლონგინოზმა სუარიშვილმა თქვა, რომ:""სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ადრე წინააღმდეგი იყო პატრიარქი, ამიტომაც შემუშავდა ის კონსტიტუციური ხელშეკრულება და იქ როგორც განისაზღვრა ეკლესიის სტატუსი, დღემდე ამ აზრის არის ეკლესია. შეიძლება იყო ეს შემოთავაზება არაოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ დონეზე ეს არ ყოფილა. საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ყოფილა, თვითონ სასულიერო პირები იყვნენ შეკრებილები. ერთი შეხვედრა დღეს იყო, როგორც ვიცი და კიდევ აპირებენ შეხვედრას. საბოლოო დასკვნა ეკლესიას ჯერ არ უთქვამს. საკითხი განიხილეს - ეს შემოთავაზება. ალბათ როცა იქ, ყრილობაზე გაჟღერდა [მაშინ მიიღეს შემოთავაზება]. შეხვედრას სინოდის წევრები ესწრებოდნენ, ოღონდ არა სრული შემადგენლობით. დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქო იგივე პოზიციაზე დარჩება".
ცნობილია, რომ 2002 წლის მსგავსად, პატრიარქი ილია მეორე ამ წინადადებას ეწინააღმდეგება, რადგან მისი აზრით ამის აუცილებლობა არ დგას და ასეთი ისტორიული მომენტი ქვეყანაში არ დამდგარა.