ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დეპუტატებს, რომლებიც ე.წ. აპარტამენტების კანონის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ. როგორც ეხო კავკაზა წერს, ამის შესახებ ოპოზიციური ტელეგრამ არხები RESPUBLICA და "აფხაზური პორტალი" ავრცელებენ ინფორმაციას.
ე.წ. პარლამენტმა გაიწვია ეს კანონპროექტი, რომელიც აღმოსავლეთ აფხაზეთში აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებდა.
ტელეგრამარხების ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აღნიშნული საკითხი რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე განიხილა.
გარდა ამისა, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის პროტოკოლის თანახმად, რომლის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, პირველი სექტემბრიდან მოსკოვი გეგმავს, შეაჩეროს ფინანსური დახმარების გადაცემა აფხაზეთისთვის, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს შემდეგ ვალდებულებებს:
- ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
- რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
- რუს ინვესტორებზე შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (ბინები).
დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელშიც ე.წ. დეპუტატებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზეა საუბარია, მითითებულია, რომ 20 სექტემბრამდე აფხაზეთმა უნდა წარადგინოს ე.წ. პარლამენტის დეპუტატებისა და ოპოზიციის ლიდერების შესახებ ინფორმაცია, "რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების საზიანოდ, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით".
მანამდე სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სამ დეპუტატს, რომლებიც საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის შეცვლას ემხრობოდნენ, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.
ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ე.წ. ლიდერის პრესსამსახურმა 23 აგვისტოს გაავრცელა. პრესრელიზში მითითებული იყო, რომ მხარეებმა "აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო ურთიერთქმედების, ენერგომომარაგების რიგი საკითხები განიხილეს".