logo
ENG



აი ფაქტი: ვიქტორ ჯაფარიძე საკუთარ შემოსავლებსა და საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციას მალავს

05 სექ 202408:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/05/npsdkapw0dz1kvd.jpeg

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი ფაქტი ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის დამალულ ქონებას ასაჯაროებს.

აი ფაქტი წერს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი საკუთარ შემოსავლებსა და საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციას მალავს.

"სხვისი საქმიანობის გამჭვირვალობის გულმხურვალე მხარდამჭერის ქონებრივი დეკლარაცია, საჯარო სამსახურის ბიურომ 2018, 2019, 2020 და 2022 წლებში შეამოწმა და ოთხივეჯერ უარყოფითი დასკვნა დაწერა. ჯაფარიძემ დეკლარაციებში სრულად არც საკუთარი ქონება მიუთითა და არც ოჯახის წევრების. არასრულად იყო მითითებული ინფორმაცია მის სამეწარმეო საქმიანობაზე, შემოსავლებზე, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვებსა თუ ხარჯებზე", - ამბობენ აი ფაქტში.

ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლო დეკლარაცია ვიქტორ ჯაფარიძემ 2023 წლის დეკემბერში შეავსო, რომელშიც 2022 წლის მდგომარეობაა ასახული.

"ვიქტორ ჯაფარიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის, ნათია ხვისტანის მიერ 2022 წელს, 800 000 ლარად გაყიდული შპს “all season-ის” წილის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ 800 000 ლარის შემოსავალი დამალა. დეკლარაციაში არც “შპს სეტი+”-ს შემოსავალია ასახული. ეს ის კომპანიაა, რომელიც დეპუტატის კუთვნილ სასტუმრო “ფოსტას” ფლობს და მხოლოდ ამ კომპანიას, 2022 წელს, 126 000 ლარზე მეტის გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა. უცნობია, რა შემოსავალი მიიღო სასტუმრომ 2022 წელს ფიზიკური პირებისგან. დეკლარაციაში მოხვდა შპს “ქცია 94”, რომლის 66.9%-ს ასევე ჯაფარიძის მეუღლე ფლობს. თუმცა, რატომღაც, დეპუტატს ისევ "გამორჩა" კომპანიის მოგების შესახებ ინფორმაცია – ეს მაშინ, როცა კომპანიის 2022 წლის სუფთა მოგება 859 530 ლარი იყო. დეკლარაციაში არც გასავალი ჩანს. მაგალითად, ტელეკომპანია პოსტ ტვ-ს წილისთვის გადახდილი 520 000 ლარ", - წერია ინფორმაციაში.

აი ფაქტი ასევე აღნიშნავს, რომ ვიქტორ ჯაფარიძე, მმართველ პარტიას, სვანეთის მოსახლეობის ხმების გარდა, ფინანსებითაც ამარაგებს - ის ოცნების ერთ-ერთი მსხვილი შემწირველია. 2014 წლიდან, მან, მისმა ბიზნესპარტნიორებმა და ოჯახის წევრებმა ქართულ ოცნებას 558 000 ლარი შესწირეს. აქედან 175 000 პირადად ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი მეუღლის შეწირულობაა. თუმცა, არცერთი შეწირულობა დეკლარაციაში არ მოხვედრილა. ქართული ოცნების გარდა ჯაფარიძე ახლა ხალხის ძალას აფინანსებს და 2024 წლის აპრილსა და მაისში მას 38 ათასი ლარიც შესწირა.


close დახურვა