logo
ENG



ჯაფარიძე: გაგრძელდება მოლაპარაკება გახარიასთან, იმედი მაქვს, წარმატებით დასრულდება

17 სექ 202421:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/17/1w2l5a4fm3kgec0.jpg

ლელო - საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა მოლაპარაკება გაგრძელდება, რათა მიღწეული იქნას საბოლოო შეთანხმება.

ბადრი ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში იმედი გამოთქვა, რომ "შეთანხმება წარმატებით დასრულდება".

"დღეს შეხვედრისას მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, ასეთი ტიპის მოლაპარაკებები ერთი შეხვედრისას არ სრულდება, აქ ვფიქრობ, პაუზაც უადგილოა, ალბათ, გაგრძელდება ეს მოლაპარაკებები იმისათვის, რომ მიღწეული იქნას საბოლოო შეთანხმება. ეს შეთანხმება საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, დასამალი არაფერია, შესაბამისად, როდესაც ის დასრულდება, იმედი მაქვს, რომ დასრულდება წარმატებით, გაეცნობა საზოგადოებას ძირითადი პუნქტები, რომლებსაც ეს შეთანხმება მოიცავს, რომ რაიმე ორჭოფობა, ორაზროვნება არ იყოს", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

მისივე თქმით, პოზიცია, რომელიც ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე დღეს მამუკა ხაზარაძემ გააჟღერა, კოალიცია ძლიერ საქართველოსთან შეთანხმებულია.

"მამუკა ხაზარაძე აწარმოებს მოლაპარაკებას იმის შემდგომ, როდესაც ხდება შეჯერება კოალიციის წევრებს შორის, ამიტომ, ის პოზიცია, რომელსაც მამუკა ხაზარაძე აჟღერებს გიორგი გახარიასთან, ეს არის კოალიციის პოზიცია, ამიტომ, ცხადია, რომ საქმის კურსში ვართ მოლაპარაკების შინაარსზეც და იმაზეც, თუ რა საკითხზე გვჭირდება ახლა დამატებით მოლაპარაკების გაგრძელება მეორე მხარესთან.

პოზიცია, რომელსაც აჟღერებს მოლაპარაკებისას მამუკა ხაზარაძე, ეს არის კოალიციის პოზიცია, შესაბამისად, კოალიციის შიგნით რაიმე შემაფერხებელი იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელსაც მამუკა ხაზარაძე აჟღერებს, რა თქმა უნდა, არ არის. ჩვენ გვჭირდება მეორე მხარესთან გავაგრძელოთ კონსულტაციები იმისათვის, რომ მივიდეთ საერთო ნიშნულთან, გადაწყვეტილებასთან. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ასეთი მოლაპარაკებები", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

მისივე თქმით, კოალიცია შეთანხმებაზე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიდის.

"ჩვენ ამ შეთანხმებაზე მივდივართ სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ქართული ოცნების დამარცხება არის მთავარი ამოცანა ქვეყნის გადასარჩენად. გვესმის და ვხედავთ, ვის ხელშია დღეს ქვეყანა, მოვისმინეთ პრემიერის, ოცნების სხვა სპიკერების განცხადება, ვხედავთ, რა საფრთხის წინაშეა ქვეყანა, როდესაც ეს ხალხია ხელისუფლებაში, ამიტომ, ეს საფრთხე უნდა მოვიშოროთ 26 ოქტომბერს და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი. ყველა განსხვავებები, პირადი წყენები, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავწიოთ და დავუქვემდებაროთ ქვეყნის ინტერესებს, სწორედ ამ სულისკვეთებით იქნა ეს მოლაპარაკებები წარმოებული", - თქვა ჯაფარიძემ.


close დახურვა